ახალი ამბები

გადაიდო ჩეჩნების პროცესი უზენაეს სასამართლოში

(თბილისი, 10 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – უზენაეს სასამართლოში დღეს პატიმრების გამოუცხადებლობის გამო გადაიდო ორი ჩეჩენის გელოგაევის და ელხაჯიევის სასამართლო პროცესი. ამ მიზეზით სასამართლო პროცესის გადადება გაურკვევლად მიაჩნია ჩეჩნების ადვოკატს მალხაზ პატარაიას.

“ის რომ უზენაესმა სასამრთლომ ვერ შეძლო პატიმრების მოყვანა და ციხის ადმინისტრაციისთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნა, ცოტა ეჭვს იწვევს”, – განაცხადა ‘სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას მალხაზ პატარაიამ.

დღევანდელ პროცესსზე ადვოკატებმა ორი შუამდგომლობა დააყენეს, ერთი სტრასბურგის სასამართლოს მასალების განხილვა, რომელიც 6 ჩეჩენის საკითხს ეხება და მეორე მინსკის კონვენციის ქართულ ენაზე თარგმნა, თუმცა ორივე ამ შუამდგომლობის დაყენებას უმნიშვნელოდ მიიჩნევენ ადვოკატები და აცხადებენ, რომ პროცესის გადადება ამის გამო არ მოხებოდა პატიმრების დასწრების შემთხვევაში.

უზენაესმა სასამართლომ სამი ჩეჩენის სასამართლო პროცესი წარმოებაში 23 მარტს მიიღო. მხარეები სასამართლოსგან 13 მარტს მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვით სამი ჩეჩენიდან ორის ელხაჯიევის და გელოგაევის  ექსტრადირება უნდა მომხდარიყო, ხოლო ალხანოვი ლტოლვილის სტატუსის გამო თბილისში გასამართლდებოდა. პროკურატურის წარმომადგენლები ამ ერთი ჩეჩენის გადაცემასაც მოითხოვენ.

ეს სამი ჩეჩენი გასული წლის აგვისტოში ქართველმა მესაზღვრეებმა დააკავეს სხვა 10 შეიარაღებულ პირთან ერთად. 5 მათგანი გასული წლის ოქტომბერში გადასცეს რუსულ მხარეს.

უზენაეს სასამართლოში პროცესი 14 აპრილს გაიმართება.

Back to top button