
“თურქეთის ავიახაზების” წარმომადგენელთა მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლებასთან
(თბილისი, 10 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში თურქეთის საელჩოს ცნობით, თურქული კომპანია “თურქიშ ეარლაინზ”-ის წარმომადგენლები თბილისში ჩამოვიდნენ 9 აპრილს, სადაც საქართველოს ხელისუფლებასთან ბოლო დროს წარმოშობილი პრობლემების განხილვას აპირებენ.
დღეს თუქული კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარეს ზურაბ ჭანკოტაძეს ხვდებიან.
სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ “თურქიშ ეარლაინზ”-ს და “ბრითიშ მედიტერანეან ეარვეისს” 15 აპრილამდე რეისების რაოდენობა კვირაში სამიდან ორამდე შეუზღუდა, რის შემდეგაც მათ საქართველოში რესიების შესრულება საერთოდ ეკრძალებათ.
ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა პარლამენტის 27 თებერვლის დადგენილების საფუძველზე, რომელშიც ნათქვამია, რომ უცხოური კომპანიების მიმართ არსებული საგადასახადო შეღავათები უკანონოა, რადგან საქართველოს პარლამენტს საჰაერო მიმოსვლის შესახებ თურქეთთან და ბრიტანეთთან დადებული ხელშეკრულებების რატიფიკაცია არ მოუხდენია.
“თურქიშ ეარლაინზ”-ის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება უმართებულოა და რეისების შეჩერება უსაფუძვლოა.