ახალი ამბები

რუსეთი აღელვებულია ქართულ-ამერიკული ხელშეკრულების ხელმოწერის მიზეზებით

(თბილისი, 11 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაკვირვებასა და აღელვებას გამოხატავს საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულების მიზეზებისა და აუცილებლობის გამო.

შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოში ამერიკელი სამხედროების უვიზო შემოსვლას, საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ტექნიკის და შეიარაღებების გათავსებას და თავისუფალ გადაადგილებას. ამერიკელი სამხედროები განსაკუთრებულ უფლებებს იღებენ საქართველოში და სრაგებლობენ საქართველოში აშშ-ის საელჩოს ადმინისტრაციული და ტექნიკური თანამშრომლების პრივილეგიებით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტმა 11 აპრილს განაცხადა, რომ თუ ეს ტერორიზმთან ბრძოლაა, მაშინ ლოგიკური იქნებოდა გადაწყვეტილების მიღება რუსეთის მონაწილეობით.

თუ ასეთი გადაწყვეტილებები რუსეთის ავლით იქნა მიღებული, ეს სავსებით გასაგებ კითხვებს ბადებს და მღელვარებას იწვევს.

გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ერთ-ერთ თავის საჯარო გამოსვლაში განაცხადა, რომ ქართულ-ამერიკული სამხედრო ხელშეკრულება არ არის მიმართული რომელიმე მესამე ქვეყნის წინააღმდეგ.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
რუსეთის ზეწოლის მიუხედავად საქართველო პოზიციას არ შეიცვლის
აშშ-საქართველოს სამხედრო ხელშეკრულება რატიფიცერებულია
აშშ-საქართველოს სამხედრო ხელშეკრულება პარლამენტში წინააღმდეგობას წააწყდა

Back to top button