
აშშ საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისკენ მოუწოდებს
(თბილისი, 12 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის ელჩმა ეუთო-ში სტეფან მინიკესმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ “მიიღოს ყველა ზომა 2003 წლის ოქტომბრისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყნის საარჩევნო სისტემის ეუთო-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად”.
ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს 10 აპრილის სხდომაზე ვენაში მინიკესმა განაცხადა, რომ “გადაუდებელ ღონისძიებათა შორის საქართველოს ხელისუფლებამ უახლოეს ვადებში უნდა მოახერხოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული და გამჭვირვალე საარჩევნო ადმინისტრაციებისა და ამომრჩეველთა ზუსტი სიების შექმნა”.
“აშშ დემოკრატიას განიხილავს როგორ ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილს. საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიზაციის გზაზე წინსვლისა და უსაფრთხოების გაძლიერების საშუალებას იძლევა”, – თქვა აშშ-ის ელჩმა ეუთო-ში.