ახალი ამბები

შევარდნაძე დარწმუნებულია ახალი საარჩევნო ბლოკის წარმატებაში

(თბილისი, 14 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ახალი საარჩევნო ბლოკი “ახალი საქართველო” საპარლამენტო არჩევნებში წარმატებას მიაღწევს.

“ამ დღეებში ჩვენ აქტიურ შეხვედრებს ვმართავთ სხვადასხვა პარტიებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. ჩვენი მიზანი და დედააზრია ახალი საქართველო – ახალ მსოფლიოში, რომლის განსახორციელებლად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ დღევანდელ რადიოინტერვიუში.

მისი თქმით, ახალი ბლოკის მიზანი იქნება ეროვნული დემოკრატიული სახელმწიფოს შენარჩუნება, რომელსაც საფუძველი მე-19 საუკუნეში ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძემ ჩაუყარა, ასევე ევროპისკენ ორიენტაცია, კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნება დემოკრატიულ რუსეთთან და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

შევარდნაძის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში შეიქმნება სახელმწიფო კომიტეტი, რომელსაც სათავეში თავად ჩაუდგება და განიხილავს ქვეყნის მოწყობის რეალურ გზებს.

შევარდნაძეს სჯერა, რომ ბლოკი არჩევნების შემდეგ არ დაიშლება და შეძლებს დასახული მიზნების მიღწევას.

“ყველას ვისაც ჰგონია, რომ ბლოკი დაიშლება, მინდა იმედი გავუცრუო და განვაცხადო, რომ ეს სერიოზული ძალა იქნება, ამის გამო მოუწოდებ დავივიწყოთ წყენა და გავერთიანდეთ ქვეყვის კეთილდღეობისთვის. ჩვენი ბლოკი პარლამენტში მოსვლის შემდეგ საპარლამენტო ურთიერთობების კულტურის შემქმნელი იქნება”, – განაცხადა შევარდნაძემ.

მისი განცხადებით, ბლოკი ასევე ითანამშრომლებს ყველა იმ ოპოზიციურ პარტიასთან, რომელბიც დამოუკიდებლად აპირებენ არჩევენებში მონაწილეობას, თუ ისინი გაიზიარებენ ბლოკის პოლიტიკურ კურსს.

ამ დღეებში ბლოკის წევრები ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და ეროვნულ უმცირესობებთან შეხვედრებს გეგმავენ.

Back to top button