ახალი ამბები

შევარდნაძე თავისუფალი ეკონომიკური ზონების წინააღმდეგია

(თბილისი, 14 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ამ ეტაპზე თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ამას შესაძლოა ქვეყანაში უკონტროლო სეგმენტის წარმოქმნა მოჰყვეს.

“მაშინ, როცა მოუწყობელია საქართველოს ტერიტორია, ე.წ. “წერტილოვანი ეკონომიკური ზონების” შექმნის წინააღმდეგი ვარ, ამას შესაძლოა სეპარატიზმის ტანდენციის განვითარება და “შავი” ფულის “გათეთრების” მექანიზმების გამოყენება მოჰყვეს. ამ პროექტის მხოლოდ აჭარაში განხორციელება კი მიუღებელია, მაშინ როცა აჭარას არ სურს სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების გადმორიცხვა”, – განაცხადა შევარდნაძემ 14 აპრილს ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში.

მისი თქმით, ცენტრი ყოველი მხრიდან ცდილობს მოლაპარაკება აწარმოოს აჭარასთან, თუმცა მათი მხრიდან ამ საკითხის მოგვარება ჭიანურდება.

“მე ჩემი ბათუმისთვის არაფერი არ მენანება, [აჭარას] ჯერ კიდევ 1998 წელს დავუწესეთ შეღავათები, ამის მიუხედავად ისინი არ იხდიან გადასახადებს”, – აცხადებს შევარდნაძე.

მისი თქმით, თავად იდეა თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნის შესახებ მისაღებია და ამ თემას დსთ-ს ქვეყნების წარმომადგენლები უკრაინაში სექტემბრში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ.
   
კანონპროექტი “სპეციალური ეკონომიკური ზონების შესახებ” პარლამენტში “დემოკრატიულმა აღორძინებამ” წარადგინა, თუმცა მისი განხილვის დაწყება გასულ სასესიო კვირას ქვორუმის არშეკრების გამო ვერ მოხერხდა. ამჟამად “აღორძინების” წევრები ხელმოწერებს აგროვებენ რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, თუმცა ეს განცხადება, კანცელარიაში ჯერ არ შესულა.     

Back to top button