
საპარლამენტო კომიტეტმა ძალოვანი უწყებების დაფინანსების საკითხი განიხილა
(თბილისი, 14 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე ძალოვანი სამინისტროების პირველი კვარტლის განმავლობაში ძალოვანი სამინისტროების დაფინანსების საკითხი განიხილა. კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, “ძალოვანი უწყებების დაფინანსების მაჩვენებლები შემაშფოთებელია.” 2003 წლის პირველ კვარტალში თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მხოლოდ 75%-ით შესრულდა, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ბიუჯეტი – 62%, შინაგან საქმეთა სამინისტრო – 91%, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი – 62%, დაზვერვის დეპარტამენტი – 80%. თუმცა არის ერთი დადებითი ტენდენციაც. როგორც კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას თავდაცვის სამინისტროს გენშაბის მეთაურმა ჯონი ფირცხალაიშვილმა განაცხადა, მთლიანად დაფარულია და არანაირი შეფერხება არ არის “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის” ფარგლებში გაწვრთნილი კომანდოს ბატალიონის ჯარისკაცების ხელფასების დაფინანსების მხრივ.