
რუსი დეპუტატები ქართული-ამერიკულ სამხედრო ხელშეკრულებაზე იმსჯელებენ
(თბილისი, 16 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს რუსეთის სახელმწიფო სათათბირო განიხილავს განცხადების პროექტს, რომელიც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველო-ამერიკის ხელშეკრულებას ეხება. ხელშეკრულების რატიფიკაცია საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის მარტის ბოლოს მოახდინა და ის უფლებას აძლევს ამერიკულ მხარეს საქართველოს ხელისუფლების ნებართვით თავისი სამხედრო და სამოქალაქოპერსონალისთვის, ასევე შეიარაღებებისა და ტექნიკისთვის დაიკავოს ობიექტები საქართველოს ტერიტორიაზე. განხცხადების პროექტი, რომელიც სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტში მომზადდა, რუსეთის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ გადაისინჯოს მოსკოვის პოლიტიკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ, რომლებსაც “რუსეთთან მჭიდრო კავშირების დამყარება სურთ”. ახლახანს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გამოთქვა სინანული ქართულ-ამერიკული სამხედრო ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ასეთი მოქმედებები რუსულ მხარესთან უნდა შეეთანხმებინათ, რადგან სამხრეთი კავკასია რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების ზონაში შედის. ქართული მხარე რუსეთის ასეთ რეაქციას ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობად აფასებს. საგარეო სამეთა მინისტრის მოადგილემ კახა სიხარულიძემ 11 აპრილს განაცხადა, რომ “თუ რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ამ განცხადებას დაამტკიცებს, თბილისი ამას სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად ჩათვლის”.