
სტუდენტები სასამართლოსგან რექტორის არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ
(თბილისი, 22 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტების ერთმა ჯგუფმა დღეს თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლის საფუძველზეც მოითხოვენ საქართველოს პრეზიდენტის 277-ე ბრძანებულების გაუქმებას და 21 აპრილს ჩატარებული თსუ-ს რექტორის არჩევნების ბათილად ცნობას.
სასამართლოში სარჩელის შეტანამდე სტუდენტებმა უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ერთ-ერთ აუდიტორიაში პრესკონფერენცია გამართეს. იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტის თეა თუთბერიძის განცხადებით, უნივერსიტეტის წესდება არაკანონიერია და განათლების შესახებ კანონთან შეუსაბამოა.
“რექტორის არჩევნები არაკანონიერად ჩატარდა, ჯერ ერთი არსებული კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო დაწესებულებასში სხდომები ღიად უნდა ჩატარდეს, თუმცა, 21 აპრილს უნივერსიტეტში შესვლა მხოლოდ რექტორატის მომხრე სტუდენტებს შეეძლოთ და აკრძალული იყო მასმედიისა და სხვა სტუდენტებისთვის”, – განაცხადა თეა თუთბერიძემ.
სტუდენტები სასამართლოსგან ითხოვენ განათლების სამინისტროს დაევალოს ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომლის მიხედვით მოხდება საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპიური დებულების შემუშავება. ასევე საქართველოს პრეზიდენტს დაევალოს ადმინისტრაციული აქტის მიღება, რომლითაც დამტკიტდება თსუ-ს ახალი წესდება.
სარჩელს თან ერთვის კონტროლის პალატის მასალები. სტუდენტები იმედოვნებენ, რომ სასამართლო ობიექტურად განიხილვას სარჩელს.
დღესვე საპასუხო პრესკონფერენცია გამართეს რექტორის როინ მეტრეველის მომხრე სტუდენტებმა, რომლებმაც ყველა ეს ბრალდება უარყვეს და განაცხადეს, რომ არსებობს გარკვეული ძალა, რომელთაც სურთ პროვოკაციის გზით დაუპირისპირონ ერთმანეთს ახალგაზრდები. ამის გამო დაჩი ცაგურიამ ყველა სტუდენტისაგან ითხოვა არ აჰყვნენ პროვოკაციას.
სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
თსუ-ს რექტორის არჩევნები სტუდენტთა ნაწილმა გააპროტესტა
უმაღლესი განათლება კრიზისში
კონტოროლის პალატამ თსუ-ში დარღვევები აღმოაჩინა