ახალი ამბები

ნატოს დელეგაცია პანკისით კმაყოფილი დარჩა

ჩეჩენი ლტოლვილები სოციალურ პირობებს უჩივიან

საქართველოს ხელისუფლება ამაყად წარმოაჩენს პანკისის ხეობას როგორც სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ მიღწეული წარმატების თვალსაჩინო მაგალითს.

ხეობიდან მომდინარე შესაძლო საფრთხის შეფასების მიზნით 27 აპრილს პანკისს ეწვია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია. დელეგაციის ცხრა წევრმა მოინახულა ხეობაში განლაგებული საქართველოს შინაგანი ჯარის რამოდენიმე საგუშაგო. ისინი ასევე შეხვდნენ ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ხეობაში მყოფ ჩეჩენ ლტოლვილებს.

“[ხეობაში] კონტროლირებადი სიტუაციაა და ჩვენ ამით უაღრესად კმაყოფილები ვართ” – განუცხადა ჟურნალისტებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვე-კომიტეტის თავმდჯომარებს მარკუს მეკელმა. “ჩვენ მადლობელი ვართ ქართული მხარისადმი წარმატებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის ჩატარებისათვის” – დასძინა მან.

თუმცა ქართველი ოფიციალური პირებიც და ნატოს წარმომადგენლებიც აღნიშნავენ, რომ ხეობაში ჩეჩენი მებრძოლების შემოსვლის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. სამართალდამცველებს მიაჩნიათ, რომ შეიარაღებული დაჯგუფებები შეიძლება დაბრუნდნენ ხეობაში მთაში თოვლის გადნობის შემდეგ.

“ვფიქრობ, რომ ეს საშიშროება შესაძლოა წარმოიშვას მომავალში, თუმცა თქვენი ჯარისკაცები ძალიან კარგად მოქმედებენ [პანკისში] დესტაბილიზაციის აღსაკვეთად” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვე-კომიტეტის წევრმა დოქტორმა კარლ ლამერსმა.

კონტროლის გაძლიერების მიზნით უახლოეს დღეებში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გეგმავს მანევრების ჩატარებას პანკისის ხეობის მახლობლად.

პანკისის ხეობაში ანტი-კრიმინალური ოპერაციები განხორციელებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების მიერ 2002 წლის აგვისტო-ნოემბერში. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, ოპერაციის ჩატარებამდე ხეობაში იმყოფებოდა 700 ჩეჩენი და 100 არაბი დაქირავებული მებრძოლი და რამოდენიმე კრიმინალური დაჯგუფება.

საქართველოს შინაგანი ჯარების მეთაურის მოადგილემ ლექსო მიქავამ ნატოს დელეგაციეს წევრებს განუცხადა, რომ ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი შეტაკება ხეობაში გასული წლის სექტემბერში მოხდა, როდესაც ანტი-კრიმინალური ოპერაციის ყველაზე აქტიური ფაზა ხორციელდებოდა. მეთაურის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ შინაგანი ჯარები ახორციელებენ ხეობის 24-საათიან პატრულირებას.

25 აპრილს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ მოსკოვში გამართული 40-მდე სახელმწიფოს უშიშროების სამსახურების წარმომადგენელთა კონფერენციაზე განაცხადა, რომ “რამოდენიმე არასასურველი პიროვნება, მათ შორის 1999 წელს მოსკოვში საცხოვრებელი სახლების აფეთქებაში ეჭვმიტანილი აქიმეზ გოჩიაევი შესაძლოა ამჟამად პანკისი ხოებაში იმყოფებოდნენ”.

ადგილობრივი მცხოვრებლები უარყოფენ ხეობაში ჩეჩენი მებრძოლების ყოფნას. “მას შემდეგ რაც ჯარისკაცები შემოვიდნენ, ხეობაში არც მებრძოლები მინახია და არც ტერორისტები. კრიმინალური სიტუაციაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” სოფელ დუისის მცხოვრებმა აჰიადა ქავთარაშვილმა.

ვიდრე ქართველი სამართალდამცავები პანკისში ჩეჩენ მეომართა შესაძლო შემოსვლის მოლოდინში არიან, ხეობაში მყოფი ჩეჩენი ლტოლვილები სოციალურ და უსაფრთხოების პირობებს უჩივიან და მესამე ქვეყანაში გადასვლას ითხოვენ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრისას ჩეჩენმა ლტოლვილებმა გამოთქვეს უკმაყოფილება მედიკამენტებისა და საკვების უკმარისობის და ქართველი სამართალდამცავების მიერ ე.წ. “წმენდითი” ოპერაციების ჩატარების გამო.

“ჯარისკაცები შემოცვივდებიან ხოლმე ღამღამობით სახლებში. ჩვენ არ შეგვიძლია ხეობაში თავისუფლად მოძრაობა მრავალი საგუშაგოს გამო” – უთხრა “სივილ ჯორჯიას” გროზნოდან ლტოლვილმა ადამმა. “გარდა ამისა ჩვენი შვილები საერთოდ ვერ ღებულობენ განათლებას. ამის გამო მოვითხოვთ გადაყვანას სხვა სახელმწიფოში” – დასძინა მან.

ქართველი სამართალდაცველები უარყოფენ ამ ბრალდებებს და აცხადებენ, რომ ლტოლვილები სიტუაციას ამუქებენ. “მათ მხოლოდ უკეთეს ქვეყანაში უნდათ მოხვედრა და ამიტომ რას აღარ იგონებენ” – განუცხადა “შივილ ჯორჯიას” შინაგანი ჯარების მოსამსახურემ გიორგი დათუაშვილმა.

უსაფრთხოების გარანტიების არქონის გამო ლტოლვილები ჩეჩნეთში დაბრუნებაზე უარს აცხადებენ. “ასეთ ვითარებაში მე ჩეჩნეთში არ დავბრუნდები” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” გროზნოდან ლტოლვილმა ელზამ. “მე 21 წლის ვაჟი მყავს. გროზნოში თუ დავრუნდებით რუსები მას ან ჯარში გაიწვევენ და ჩეჩნების წინააღმდეგ აბრძოლებენ, ან საფილტრაციო ბანაკში გააგზავნიან” – თქვმა მან.

ლტოლვილებმა თავიანთი ყველა სატკივარი ნატოს საპარლამენტო ასამბელის დელეგაციეს წევრებს გაუზიარეს, თუმცა ნაკლებად სჯერად, რომ მათი ხმა გაგონილი იქნება. “ოფიციალური პირები ჩამოდიან ხოლმე ჩვენთან, გვისმენენ, მაგრამ საშველი ჯერ არ ჩანს” – ამბობს ჩეჩენი ლტოლვილი ადამი.

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button