ახალი ამბები

საქართველო რუსეთის ნაკრებთან მატჩისთვის ემზადება

(თბილისი, 30 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – 3 ათასამდე პოლიციელი დაიცავს წესრიგს თბილისში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის დროს საქართველოსა და რუსეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის, რომელიც დღეს 20 საათზე შედგება “ლოკომოტივის” სტადიონზე.

უეფა-ს დადგენილების მიხედვით, მატჩზე დასწრების უფლება მხოლოდ იმ 11 ათას მაყურებელს ექნება, რომლებსაც შენახული აქვთ ბილეთები გასული წლის 12 ოქტომბერს ჩაშლილი თამაშიდან, როცა მატჩი შეწყდა სტადიონის ელექტროსისტემაში მომხდარი ავარიის გამო.

უეფა-ს დისციპლინარულმა კომიტეტმა 25 აპრილს ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართვა პირვანდელი დადგენილების გაუქმების თხოვნით, რომლის მიხედვითაც გულშემატკივრები მატჩზე საერთოდ არ უნდა დაეშვათ ირლანდიის ნაკრებთან თამაშის დროს მომხდარი ინციდენტის გამო, როცა მაყურებელთა ტრიბუნიდან ირლანდიის გუნდის ერთ-ერთ მოთამაშეს დანა ესროლეს.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების თამაშს დაესწრებიან ასევე ორივე ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებიც პარლამენტების მეთაურთა ჩათვლით.

მატჩი ასევე ტრანსლირებული იქნება პირდაპირ ეთერში ფართო ეკრანზე ვაკის პარკში.

მსგავსი/Related

Back to top button