ახალი ამბები

მოწინააღმდეგენი “კმარას” ოპოზიციის ინტერესების გამოხატვაში ადანაშაულებენ

(თბილისი, 3 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ახალგაზრდა სოციალისტთა კავშირი” და სახელისუფლებო ბლოკ “ახალ საქართველოში” გაწევრიანებული ახალგაზრდები დღეს სტუდენტური მოძრაობა “კმარას” წინააღმდეგ გამოვიდნენ.

ისინი “კმარას” წარმომადგენლებს ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ეს ახალგაზრდები “გაერთიანებული დემოკრატების” და “ნაციონელური მოძრაობის” ძალისხმევით მოქმედებენ და მათ ინტერესებს გამოხატავენ.

“ჩვენ არ დაუშვებთ 2001 წლის ნოემბრის თვეში მიმდინარე მოვლენების ხელახალ განვითარებას”, – აცხადებდნენ დღეს სახელისუფლებო ბლოკში გაწევრიანებული ახალგაზრდები ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ “ახალგაზრდა სოციალისტთა კავშირის” მეოთხე კონგრესსზე.

ისინი საარჩევნო მზადებას იწყებენ და არჩევნების დროს საარჩევნო უბნებში დამკვირვებლების სტატუსით დასწრებას გეგმავენ.

დღევანდელ შეხვედრას ასევე ესწრებოდა “სოციალისტური პარტიის” ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის, “ნაციონალური მოძრაობის” და “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერების კრიტიკით გამოვიდა.

“მართლაც კმარა ბურჯანაძის, სააკაშვილისა და ჟვანიას პოლიტიკაში ყოფნა”, – ასეთი განცხადება გააკეთა რჩეულიშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button