ახალი ამბები

უშიშროების სამინისტრო უარყოფს საქართველოში ტერორისტული ცენტრების არსებობას

(თბილისი, 6 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს უშიშროების სამინისტრო უსაფუძვლოს უწოდებს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას “ალ-ქაედას” ცენტრების საქართველოს ტერიტორიაზე გადმონაცვლების შესახებ.

“ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ სამინისტრო და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ არ მოხდეს საქართველოს გავლით ტერორისტული ბაზების გადაადგილება, განსაკუთრებით კი პანკისის ხეობაში”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას უშიშროების სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ლალიაშვილმა.

მისი თქმით, ასევე მოსალოდნელი არ არის და გამორიცხულია რაიმე შეიარაღებული დაჯგუფებების გადმოსვლა საქართველოს საზღვრებზე, აქედან გამომდინარე, საფრანგეთის შს მინისტრის ეს განცხადება საფუძველს მოკლებულია.

დღეს “დიდი შვიდეულისა” და რუსეთის შს მინისტრებისა და იუსტიციის მინისტრების შეხვედრაზე საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნიკოლია სარკოზიმ განაცხადა, რომ “ალ-ქაედას” ტერორისტული ქსელი “ღრმად დეზორგანიზებულია ავღანეთში მოქმედებების გამო, ხოლო მისმა ოპერატიულმა ცენტრებმა შესაძლოა ჩეჩნეთისა და საქართველოს მიმართულებით გადაინაცვლეს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button