ახალი ამბები

პროკურატურამ სამი ჩეჩენის სასამართლო პროცესზე ახალი დოკუმენტი წარმოადგინა

(თბილისი, 8 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – უზენაესს სასამართლოში სამი ჩეჩენი პატიმრის სასამართლო პროცესზე პროკურატურის წარმომადგენლებმა საქართველოში რუსეთის ვიცე-კონსულის ალექსეი გლინსკის მიერ მოწოდებული დოკუმენტი წარმოადგინეს, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთ ჩეჩენზე მულკოევზე პასპორტი არ გაცემულა.

“ეს დოკუმენტი ადასტურებს, რომ ადვოკატების მიერ წარმოდგენილი პასპორტი ყალბია, რომელიც აქამდე ელხაჯიევის გვარით ცნობილი პიროვნების თითქოს ნამდვილ ვინაობას ადასტურებს და თითქოს მისი გვარი მულკოევია”, – განაცხადა პროცესზე პროკურორმა პაატა მსხილაძემ.

ამ დოკუმენტის თაობაზე პრეტენზია გამოთქვეს ჩეჩნების ადვოკატებმა, რომლებიც თავის მხრივ ამტკიცებენ, რომ დოკუმენტი ყალბია, ვიანაიდან არ გააჩნია შესაბამისი რეკვიზიტები.

“დოკუმენტზე არ არის მინიშნებული, რომ დოკუმენტი ოფიციალურია და მას გენერალური პროკურორი გაეცნო”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ.

იგი პროკურატურის მხრიდან ამ დოკუმენტის წარდგენას სასამართლოს ცდომილებაში შეყვანის მცდელობად აფასებს.

პაატა მსხილაძის ინფორმაციით, კი დოკუმენტი პირადად მის სახელზეა დაწერილი და სავალდებულო არ იყო მისი გენერალური პროკურორისთვის გაცნობა.

ამ დოკუმენტის გაცნობის მიზნით ადვოკატებმა შუამდგომლობის საკითხი დააყენეს. მოსამართლემ ნინო გვენეტაძემ საკითხის სპეციფიურობის გამო სასამართლო პროცესი 15 მაისამდე გადადო.

მულკოევის ვინაობის დამადასტურებელი პასპორტი ადვოკატემბა წინა პროცესზე წარადგინეს, სადაც ნათქვამია, რომ აქამდე ელხიჯაევის გვარით ცნობილი პიროვნება სინამდვილეში მულკოევია.

მსგავსი/Related

Back to top button