ახალი ამბები

ჰააგაში ქართველთა გენოციდის მასალების შესწავლას სექტემბერში შეუდგებიან

(თბილისი, 10 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი პაატა დავითაია უარყოფს ინფორმაციას ჰააგის სისიხლის სამართლის სასამართლოს მიერ აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების განაცხადის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე.

“ეს ინფორმაცია სიმართლე არ არის, ჰააგის სასამართლოს ჯერ უარის თქმის საშალება არ აქვს, ვინაიდან ჩვენ საქმესთან დაკავშირებით არ არის დანიშნული პროკურორი, რომელიც უშუალოდ არის უფლებამოსილი მიიღოს საქმე წარმოებაში ან უარი განაცხადოს. როგორც ჩანს, ამ პროცესის დაწყება გარკვეულ პირება არ აწყობთ”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას პაატა დავითაიამ.

მისი ინფორმაციით, პროკურორის კანდიდატურას ჰააგის სასამართლოში ნიუ-იორკიდან 15-20 მაისს ოფიციალურად წარადგენენ, შემდეგ ჰააგაში 1-2 ივნისს მოხდება მისი დამტკიცება და სააქმეების გადაცემა.

“ეს ხანგრძლივი პროცესია, პროკურორის დანიშვნის შემდეგ სპეციალური კომისია ადგილზე შეისწავლის მასალებს, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქართული მოსახლეობის მიმართ აფხაზეთის ომის და მის შემდგომ პერიოდში განხორციელებული გენოციდის ამსახველი დოკუმენტების შეგროვებასა და თარგმნაზე. 200 ტომიანი მასალა უკვე არსებობს”, – განაცხადა დავითაიამ.

მისი პროგნოზით, სავარაუდოდ, მასალების განხილვა სექტემბრის თვეში დაიწყება, მანმადე კი პარლამენტმა რატიფიცირება უნდა შეძლოს სისხლის სამართლის სასამართლოს შესახებ რომის სტატუსის ამსახველი დოკუმენტისა, რომელსაც საქართველომ ხელი 1998 წელს მოაწერა. წინააღმდეგ შემთხვევაში სარჩელის განხილვა არ მოხდება.

მსგავსი/Related

Back to top button