ახალი ამბები

ქართულ ჯარს პროფესიონალთა კიდევ ერთი ბატალიონი შეემატა

ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილ მე-11 ბრიგადის კომანდოს ბატალიონს კიდევ ერთი ბატალიონი შეემატა. 10 მაისს საჩხერის მე-16 სამთო ბატალიონმა ოფიციალურად დაასრულა “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა.

“დღეს მე შემიძლია თამამად ვთქვა: დღეიდან ჩემი ქვეყნის ღირსების შელახვა ყველას ძვირი დაუჯდება” – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ და თვალი მის წინ მდგარ საჩხერის ბატალიონის 500-მდე ჯარისკაცს გადაავლო.

რესპუბლიკის მოედანზე გამართულ საზეიმო ცერემონიალზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, აშშ-ის ელჩი საქართველოში და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ საჩხერის ბატალიონის ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა ფიცი დადეს.

საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა თავიან გამოსვლებში ხაზი გაუსვეს, რომ “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის განხორციელება განსაკუთრებით იმით არის მნიშვნელოვანი, რომ იგი ხელს უწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-ს სტანდარტებზე გადასვლას.

“ამ პროგრამით საფუძველი ჩაეყარა საქართველოს პროფესიონალური არმიის ბირთვს, რომლის მეშვეობით საქართველო, უახლოეს წლებში ევრო-ატლანტიკური სამხედრო-პოლიტიკური სივრცის მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა,” განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.

თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ გაიხსენა თორმეტი წლის წინანდელი დრო, როდესაც საჩხერეში სამთო ბატალიონი ჯერ კიდევ იქმნებოდა.

“მაშინ ზოგიერთმა გამოითქვა ასეთი მოსაზრება, რომ საჩხერის ბატალიონმა რა უნდა გააკეთოსო. ბატალიონის შემქმნელმა ბასიკ ქუთათელაძემ მაშინ თქვა: გაივლის დრო და ეს ბატალიონი ნატო-ს სტანდარტებით აღჭურვილი და მომზადებული იქნებაო. რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ, ეს ამ ბატალიონის შემქმნელის ახდენილი ოცნებაა” – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ 10 მაისს გამართულ საზეიმო ცერემონიალზე.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა და “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ხელმძღვანელმა სკოტ კემპბელმა მადლობა გადაუხადეს ქართველ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის.

თუმცა საჩხერის ბატალიონიდან ყველამ ვერ გაუძლო იმ უმკაცრესს დისციპლინას, რომელიც წვრთნების დროს ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა დაამკვიდრეს. აპრილში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უდისციპლინო ქცევისთვის გააუქმა კონტრაქტი 9 ჯარისკაცთან, რის შემდეგაც ისინი სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს.

“ეს პროგრამა იპყრობს არა მარტო აშშ-სა და საქართველოს მთავრობების, არამედ მეზობელი ქვეყნების ხელმძღვანელთა ყურადღებას. ყველამ დაინახა, რომ “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა არის კარგი მოდელი, თუ როგორ უნდა მოხდეს ჯარის გადაყვანა დასავლურ მოდელზე,” განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა. 

“ჩვენ ერთად მრავალი გაჭირვება და მხიარულება გადავიტანეთ. პროგრამის ეს ფაზა დასრულდა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ეფექტურად შეძლონ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა” – განაცხადა პროგრამის ხელმძღვანელმა სკოტ კემპბელმა.

წინ კიდევ დარჩა ორი ბატალიონის გაწვრთნა. მაისის ბოლოს დაიწყება კოჯრის სპეცდანიშნულების რაზმის გაწვრთნა, რის შემდეგაც დაიწყება ვაზიანის სატანკო და მექანიზირებული ქვედანაყოფების წვრთნები. როგორც თავდაცვის სამინისტრო, ასევე ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები აცხადებენ, რომ პროგრამა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს და გეგმის მიხედვით 2004 წელს დასრულდება.

“წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა, რომლის განხორციელებისთვის აშშ-ის მთავრობამ 64 მილიონი დოლარი გამოყო ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო. დღემდე, საჩხერის ბატალიონის გარდა, უკვე მომზადდა და აღიჭურვა სამეთაურო შტაბი და მე-11 ბრიგადის კომანდოს ბატალიონი. 

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button