
პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის ოპოზიციასთან დიალოგისთვის
(თბილისი, 12 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე უარყოფს ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს შემოდგომისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელი დესტაბილიზაციის მცდელობების შესახებ არჩევნების გადადების ან ჩაშლის მიზნით.
“პარლამენტის თანხმობის გარეშე ზღაპარია, რომ პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს. ეს თითიდან გამოწოვილი ზღაპარია, რაშიც თვითონ ოპოზიციაა დაინტერესებული, რადგან არ აქვთ არჩევნებში გამარჯვების ან ხმების მოპოვების იმედი”, – განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღევანდელ ბრიფინგზე სახელმწიფო კანცელარიაში.
შევარდნაძე აცხადებს, რომ სიტუაციის დესტაბილიზაცია მხოლოდ ოპოზიციას შეიძლება აწყობდეს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მზად არის ხელი გაუწოდოს ნებისმიერ ოპონენტს და ისაუბროს ნებისმერ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც საარჩევნო რეფორმას და ცსკო-ს დაკომპლექტებას ეხება.
როგორც პრეზიდენტმა დღევანდელ რადიოინტერვიუში აღნიშნა, არჩევნები ისე უნდა ჩატარდეს, რომ ხელი შეუწყოს ევრუსტრუქტურებში ჩვენს ინტეგრაციას და რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებას.