
უთანხმოებანი ოპოზიციის გაერთიანებას აფერხებენ
ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი მცდელობა, როგორც ჩანს კვლავ წარუმატებელი იქნება, რადგან “ლეიბორისტული პარტია” “გაერთიანებულ დემოკრატებთან” და “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. “ახალმა მემარჯვენეებმა” 13 მაისს ორმხრივი კონსულტაციები დაიწყეს დანარჩენ ოპოზიციასთან, რათა მოხდეს გაერთიანება ერთი მიზნის გარშემო – სამართლიანი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები გაყალბების გარეში. იმავე დღეს “მემარჯვენეებმა” გააფორმეს მემორანდუმი “ლეიბორისტებთან,” “გაერთიანებულ დემოკრატებთან” და “ნაციონალურ მოძრაობასთან” ცალ-ცალკე. დოკუმენტი სამი ძირითადი პუნქტისგან შედგება. პირველი, რომ ახლები მხარს უჭერენ ლეიბორისტების ინიციატივას მომავალი საპარლამენტო არჩევნების, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებას. მეორეა: არ მოხდეს 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების გადადება, ჩაშლა ან გაყალბება და მესამე პუნქტი ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი ძალადობის გამოყენების შემთხვევაში ერთობლივ ქმედებას ითვალისწინებს. “ქვეყანაში თავისუფლების შესანარჩუნებლად და ჩვენი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის დასაცავად, აუცილებელია დემოკრატიული ძალების კოორდინირებული ქმედება” – ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი. “პირადად მე მზად ვარ დავივიწყო თუ ვის რა შეურაცხმყოფ თემებზე უსაუბრია ჩემზე, რათა შესაძლებელი გახდეს საზოგადოების ინტერესის დაცვა. საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება ახალი ათვლის წერტილი უნდა გახდეს ქვეყნისთვის” – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ ახლებთან შეხვედრის და დოკუმენტზე ხელისმოწერის ცერემონიალის შემდეგ. თუმცა, ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელმაც აღნიშნულ დოკუმენტს პირველმა მოაწერა ხელი, გაერთიანებას არ აპირებს არც ერთ პარტიასთან, განსაკუთრებით კატეგორიული წინააღმდეგია ჟვანია-სააკაშვილის გუნდთან თანამშრომლობის და მათ შევარდნაძის ფარულ მომხრეებად ასახელებს. თავის მხრივ, სააკაშვილი ნათელაშვილს ადანაშაულებს ხელისუფლებასთან ალიანსში. თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღვოდა ახლების ლიდერი დავით გამყრელიძე განცხადება, რომ არჩევნებამდე ხელისუფლების მხრიდან დესტაბილიზაცია და ოპოზიციურ პარტიებზე ზეწოლის მცდელობაა მოსალოდნელი. “ჩვენ ამ მცდელობას წინ უნდა აღუდგეთ და არ მივცეთ ხელისუფლებას მსგავსი ქმედების განხორციელების” – აცხადებს დავით გამყრელიძე და ანტიკრიზისული ცენტრის შექმნის იდეით გამოდის, რომელიც ოპოზიციურ ძალთა გაერთიანება იქნება. პრეზიდენტი შევარდნაძე მორიგ პროვოკაციას და “თითიდან გამოწოვილ ზღაპარს” უწოდებს ამ განცხადებას. “აღმასრულებელი ხელისუფლება ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ ეს იყოს ნამდვილად დემოკრატიული არჩევნები, იგი განამტკიცებს ქვეყნის დემოკრატიულობას და სახელმწიფოებრიობას, რისთვისაც მე როგორც პრეზიდენტს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მეკისრება” – განაცხადა 12 მაისს ტრადიციულ რადიოინტერვიუში შევარდნაძემ. პრეზიდენტის თქმით იგი მზად არის ითანამშრომლოს ოპოზიციასთან, რათა შესაძლებელი გახდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობა სრულიად არარეალურ პერსპექტივად მოჩანს. ოპოზიცია ცდილობს აიძულოს ხელისუფლება საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანოს და ცენტრალური საარჩევნო კომისია უცხოელი ექსპერტებით დააკომპლექტოს. ამის კატეგორიული წინააღმდეგია პრეზიდენტი, რომლის განცხადებით, თუ ქვეყანას აქვს იმის პრეტენზია, რომ არის სახელმწიფო და ცივილიზებული ერი, მაშინ ცსკო-ს დაკომპლექტება თავად უნდა მოახერხოს. “ის აზრი, რომ ცსკო ეუთო-მ დააკომპლექტოს ძალიან რბილად თუ ვიტყვი ჭკუამხიარულად მიმაჩნია” – აცხადებს პრეზიდენტი. იგი დარწმუნებულია, რომ უცხოელი ექსპერტებიც ამ წინადადებას არ დათანხმდებიან, ვინაიდან მათივე მოთხოვნაა, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ თავად უნდა შეძლოს დემოკრატიული, არაკორუმპირებული არჩევნების გამართვა – ფალსიფიკაციისა და ცემა-ტყების გარეშე. “ხოლო უცხოელებმა მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით უნდა ისარგებლონ” – აცხადებს შევარდნაზე. თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია
“მზად ვარ კიდევ ერთხელ პირველმა გაუწოდო ხელი ოპონენტებს, რათა დავივიწყოთ პირადი წყენა და გავერთიანდეთ უმთავრესი მიზნით, არჩევნების მშვიდად სამართლიანად ჩატარებისთვის და და მივცეთ მოსახლეობას თავისუფალი არჩევანის საშუალება” – აცხადებს შევარდნაძე.