ახალი ამბები

დაკავებულ ჩეჩნებთან დაკავშირებით ვერდიქტის გამოტანა სასამართლომ კვლავ გადადო

(თბილისი, 15 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – უზენაესს სასამართლოში ქართველი მესაზღვრეების მიერ დაკავებული სამი ჩეჩენი პატიმრის სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა შუამდგომლობა დააყენეს და მოსამართლისგან დაკავებულთა პროცესზე დასწრება მოითხოვეს.

“ერთ-ერთ ჩეჩენს, რომლის ვინაობის დადგენის შესახებაც ვმსჯელობთ, სურს, რომ დაესწროს სასამართლოს, რაც მისი უფლებაა”, – განაცხადა პროცესზე ადვოკატმა მალხაზ პატარაიამ.

მოსამართლე ნინო გვენეტაძემ მისი მოთხოვნა დააკამაყოფილა და სასამართლო პროცესი 16 მაისისთვის გადადო.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე კი მოსამართლემ ადვოკატებს და პროკუროროებს არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიური სახლის” ხელმძღვანელის ნაირა გელაშვილის მიერ სასამართლოსთვის გაგზავნილი წერილი გააცნო, სადაც მოსამართლისგან ითხოვს არ მოხდეს დაკავებული ჩეჩნების რუსეთისთვის გადაცემა.

“ჩვენი მცდელობის მიუხედავად ვერ მოხდა მანმადე სასამართლოს გარეშე რუსეთისთვის გადაცემული 5 ჩეჩენის ადგილსამყოფელის დადგენა, რაც იმის ეჭვს ბადებს, რომ ისინი ცოცხელბი არ არიან. ამასთანავე უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩეჩნების გადაცემა არ უნდა მოხდეს ისეთ ქვეყნისათვის, სადაც არ იქნება მათი უფლებები დაცული”, – ნათქვამია “კავკასიური სახლის ” მიერ გამოგზავნილ წერილში.

ანალოგიური წერილით მიმართეს სასამართლოს ასევე ტექნიკური, სამედიცინო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებმა, რომელთა განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მოხდება დაკავებულთა ექსტრადიცია, ისინი საპროტესტო აქციებს გამართავენ.

მომავალ სასამართლო პროცესზე გაირკვევა აქამდე ელხაჯიევის გვარით ცნობილი, შემდეგ კი მულკოევის ვინაობის ზუსტი დადგენა, რის შემდეგაც სასამართლო საბოლოო ვერდიქტს გამოიტანს ორი ჩეჩენის ადვოკატებისა და პროკურატურის წარმომადგენელთა საკასაციო სარჩელებთან დაკავშირებით, რომლებსაც სასამართლო ერთობლივად განიხილავდა.

Back to top button