ახალი ამბები

გადამწყვეტ “მატჩში” “გაერთიანებულ დემოკრატებს” 10:0 ანგარიშის იმედი აქვთ

“ყველა რეგიონში, განსაკუთრებით დედაქალაქში, დღევანდელი აღმასრულებელი ხელისუფლება ჩვენთან ბრძოლაში 0:10 ანგარიშით დამარცხდება”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 19 მაისს მისი პარტიის თბილისის ორგანიზაციის გახსნის ცერემონიაზე.

2002 წლის ივნისის ადგილობრივ არჩევნებში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას ჯერ კიდევ ახლადშობილმა პარტიამ თბილისის საკრებულოში ხმათა 7.27% მიიღო. პარტიის ინფრასტრუქტურის ზრდასთან ერთად იზრდება პარტიის იმედები საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების თაობაზე.

“2003 წელი ჩვენი ტრიუმფალური გამარჯვების წელი იქნება. ამ დღეს საქართველოს მოსახლეობა ისეთივე გახარებული იქნება, როგორც საქართველო-რუსეთის მატჩის დროს”, – განაცხადა დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა, რომელიც პარტიის თბილისის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარედ იქნა არჩეული.

“გაერთიანებული დემოკრატები”, ჩვეულებრივ, მიჩნეულნი არიან ზომიერ დემოკრატიულ ოპოზიციად. თუმცა პარტიის პოზიცია საგრძნობლად გამყარდა მათი უფრო რადიკალური კოლეგების – “ლეიბორისტებისა” და “ეროვნული მოძრაობისადმი” მოსახლეობის მხრადაჭერის ფონზე.

ჟვანიამ მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლება და განაცხადა, რომ შევარდანძემ რეალობის შეგრძნება დაკარგა. ზურაბ ჟვანია დარწმუნებულია, რომ სახელისუფლებო ბლოკს არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ გააჩნია.

“დღეს არ არის არც ერთი მიმართულება, რომელშიც საქართველო კატასტროფის წინაშე არ დგას. შევარდნაძე უნდა შეიცვალოს იმ სისტემასთან ერთად, რაც თავად შექმნა”, – განაცხადა ჟვანიამ.

“ხელისუფლება არჩევნების დროს წავა დაშინებაზე და შანტაჟზე. მათ ეშინიათ თქვენი იდეების თქვენი ლიდერების და ჩვენი ერთად ყოფნის. ჩვენ შემოვივლით სოფლებსა და ქალაქებს. ისინი მრავალათასიან მანიფესტაციებს ნახავენ”, – აცხადებს პარტიის გენერალური მდივანი გიორგი გაბაშვილი.

“დემოკრატები” მხარს უჭერენ ამომრჩეველთა სიების გადამოწმებას, რათა აღიკვეთოს არჩევნების გაყალბების მცდელობები.

“არაზუსტი სიები არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი გზაა, რის საშუალებასაც არ მივცემთ ხელისუფლებას. ამის გამო ვიწყებთ აქციას, რათა დავაზუსტოთ ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობა და ყველანაირად დავიცვათ მათი უფლებები და ხმები გაყალბებისა და მოსყიდვისაგან”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” გიორგი ბარამიძემ.

“დემოკრატებმა” კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა გაერთიანებულ ოპოზიციურ ალიანსთან თანამშრომლობაზე. ოპოზიციის გაერთიანებას გიორგი ბარამიძე რეალურად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდება.

თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია

Back to top button