
რუსი სამშვიდობოებისთვის მანდატის “უვადოდ” გაგრძელება ლეგიტიმური და ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთობებს დაძაბავს, – აცხადებს ნადარეიშვილი
(თბილისი, 28 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ლიდერმა თამაზ ნადარეიშვილმა დაადასტურა, რომ სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილ არაფორმალურ შეხვედრაზე დსთ-ის ლიდერები აპირებენ აფხაზეთში დსთ-ის ეგიდით განთავსებული რუსული სამშვიდობო ძალების მანდატის გაგრძელების საკითხის განხილვას.
როგორც დღეს რუსეთის საგარეოს საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ იაკოვენკომ განუცხადა ჟურნალისტებს, ამასთანავე სანკტ-პეტერბურგში მოხდება რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს სორის სოჭში მიღწეული შეთანხმების დოკუმენტური გაფორმება, რომლის მიხედვითაც რუსი სამშვიდობოები კონფლიქტის ზონაში დარჩებიან იმ დრომდე, ვიდრე რომელიმე მხარე ოპერაციის შეწყვეტას არ მოითხოვს.
“ეს ჩვენთვის მიუღებელია და მე ამის შესახებ განვაცხადე უშიშოროების საბჭოს სხდომაზეც, რომ ამ პირობებში, ამ მანდატით მათთვის მანდატის გაგრძელება წარმოუდგენელია”, – უთხრა 28 მაისს თამაზ ნადარეიშვილმა “სივილ ჯორჯიას”.
თუმცა, მისი თქმით, როცა ქართული მხარე კატეგორიულად მოითხოვს რუსი მშვიდობისმყოფელების გაყვანას, გაერო და მეგობარი ქვეყნები – აშშ, გერმანია, ინგლისი, საფრანგეტი “ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს ჯარი უნდა დავტოვოთ, ამიტომ ჩვენ ცოტა გაუგებარია მეგობარი ქვეყნების პოზიცია რუსული სამშვიდობო ჯარების დარჩენასა და ჩვენსა და რუსეთს სორის საერთო ენის გამონახვის მოწოდებებთან დაკავშირებით. მაშინ იბადება კითხვა, რაში გვჭირდებიან ჩვენ ესენი ყველანი”.
ნადარეიშვილის თქმით, სანკტ-პეტერბურგში ალბათ მიღებული იქნება გადაწყვეტილება რუსული სამშვიდობო ჯარებისთვის მანდატის “უვადოდ” გაგრელების თაობაზე, რათა არ იყოს ყოველ 6 თვეში ამაზე საუბარი.
“აფხაზური მხარე, ბუნებრივია არ დააყენებს საკითხს ამის თაობაზე, მაგრამ ვეჭვობ რომ ქართულმა მხარემაც გადადგას ასეთი ნაბიჯი. ამიტომ ეს ნიშნავს აფხაზეთის საბოლოოდ დაკარგვას, უარის თქმას აფხაზეთში დევნილთა დაბრუნებაზე, რადგან ის სამშვიდობო ძალები, რომლებიც იქ დგანან, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნებიან იმ ადამიანების უსაფრთხოების გარანტი, რომლებიც იქ შეიძლება დაბრუნდნენ, რადგან უშუალოდ მათი მონაწილებოთ ასობით ადამიანი იქნა განადგურებული და დახრეტილი. ისინი [რუსი სამშვიდობოები] მონაწილეობას იღებდნენ ყველა სადამსჯელო ოპერაციაში ქართული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ”, – განაცხადა ნადარეიშვილმა.
მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილების მიღება დაძაბავს ურთიერთობას ლეგიტიმური ხელისუფლებას, დევნილებისა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის და და ეს მოხდება ისეთ რთულ დროს, როგორიც წინასაარჩევნო პერიოდია.
პრეზიდენტ შევარდნაძის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილება სანკტ-პეტერბურგში გამგზავრებასთან დაკავშირებით ხვალ გახდება ცნობილი.
ქართული მხარე შეშფოებული იყო საკნტ-პეტერბურგის საიუბილეო ღონისძიებებში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მონაწილეობით, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ პრეზიდენტ შევარდნაძეს, შესაძლოა, უარი ეთქვა სანკტ-პეტერბურგში გამგზავრებაზე.