ახალი ამბები

სუუამ-ის ქვეყნები თანამშრომლობას აღრმავებენ

24-25 მაისს თბილისში გამართულ შეხვედრაზე სუუამ-ის წევრი ქვეყნები – საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვა, აშშ-ს წარმომადგნელებთან ერთად სხვადასხვა სფეროში თანამამშრომლობის საკითხებს განიხილავდნენ. სხდომაზე საუბარი შეეხეო სუუამ-ის ქვეყნებისათვის ისეთ მნიშვნელოვან თამებს, როგორიცაა ტერორიზმთან და ტრანსნაციონალურ დანაშაულებებთან ერთობლივი ბრძოლა, სატრანსპორტო მომსახურეობა და საბაჟო კონტროლის გაძლიერება.

სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს აშშ-სა და სუუამის ჩარჩო-პროგრამების მიმდინარეობას.

მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ერთობლივი პროექტების განხორციელების თაობაზე, რაც ითვალისწინებს ვირტუალური საინფორმაციო ცენტრის შექმნას, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან, ტერორიზმთან, ფულის გათეთრებასთან ბრძოლას. ცენტრის საშუალებით მოხდება სახელმწიფოთა შორის ინფორმაციის გაცვალა ამ საკითხებთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, ასეთი პროექტების განხორციელება თავისთავად ხელს შეუწყობს სუუამ-ის ქვეყნებს შორის უსაფრთხოების საკითხების მოგვარებასაც.

სუუამ-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მესამე სხდომაზე, რომელიც 24 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიხსნა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელაგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ვილაიათ გულიევი, მოლდოვას რესპუბლიკის დელეგაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი, სუუამ-ის ეროვნული კოორდინატორი სტეფან ლუპაშკო, უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანსა და საქართველოსი აბდუგაფარ აბდურახმანოვი, უკრაინის დელეგაციას კი საგარეო საქმეთა მინისტრი ანატოლი ზლენკი ხელმძღვანელობდა.

სხდომა მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ მას აშშ-ს წარმომადგენელი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში ლინ პასკოც ესწრებოდა, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიჩინა აღნიშნული პროექტების განხორციელებისა და დაფინანსების საკითხების მიმართ. იგი დადებითად აფასებს სუუამ-ის ქვეყნების საგარეო მინისტრების შეხვედრას და აცხადებს, რომ აშშ მომავალშიც გააგრძელებს სუუამ-ის ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას.

“ჩვენი აზრით, ამ პროგრამაში ჩადებულია მრავალი ისეთი პუნქტი, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოების განმტკიცებას არა მარტო რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოში. ჩვენ გვაწუხებს ისეთი მტკივნეული საკითხები, როგორიცაა ტერორიზმი საერთაშორისო ნარკობიზნესი. ამის გამო მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია ასეთი საკითხების განსახილვევად”, – აცხადებს პასკო.

“სუუამი სერიოზული ორგანიზაციაა, ვიმედოვნებ, რომ მომავალში მის მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერესი და იგი საერთაშორისო ავტორიტეტს მოიპოვებს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სუუამ-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე. სუუამ-ის წევრები იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ორგანიზაცია გაფარდოვდეს, ვიანიდან გაწევრიანიების სურვილი უკვე გამოთქვა რუმინეთმა და ბულგარეთმა.

შეხვედრაზე ასევე მხარეებმა განიხილეს მომავალი სამუშაო გეგმა, მათ შორის სუუამ-ის ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის, გაძლიერებული კოლექტიური უსაფრთხოების რეგიონალური გაერთიანების შექმნა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ჯონი ფირცხალაიშვილის ინფორმაციით, “ამ მიმართულებით საუბარი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე დაგეგმილია ერთობლივი სამშვიდობო ბატალიონის შექმნა”.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ვილაიეთ გულიევი ამ საკითხში აჩქარების წინააღმდეგია. “არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სუუამი ჯერ ეკონომიკური გაერთიანებაა და არა სამხედრო. ერთობლივი ბატალიონის შექმნის საკითხი დღის წესრიგში ჯერ არ დგას”, – განაცხადა ამ საკითხის კომენტირებისას გულიევმა.

სხდომაზე ასევე საუბარი იყო ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის შექმნაზე, რომლის ოფიციალური ცერემონიაც 3 ივნისს კიევში შედგება.

რაც შეეხება თბილისში სუუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების მესამე საბჭოს სხდომაზე   განხილულ პროექტებს, ხელმოსაწერად სუუამ-ის ქვეყნების პრეზიდენტების სამიტს წარედგინება, რომელიც მინდინარე წლის 3-4 ივლისს იალტაში გაიმართება.

სუუამის პრეზიდენტების წინა სამიტი 2002 წლის 19-20 ივლისს შედგა იალტაში, რომლის დროსაც სუუამის საორგანიზაციო და იურიდიული ბაზის გაძლიერებისა და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხები იქნა განხილული. სახელმწიფოს მეთაურებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ერთიანი ძალებით სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე.

თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button