ახალი ამბები

შევარდნაძეს ოპოზიციასთან შეთანხმების იმედი აქვს

(თბილისი, 2 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იმედოვნებს, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმებას მიაღწევენ და ოპოზიციის მიერ დაგეგმილი სამშვიდობო მანიფესტაციების გამართვა საჭირო აღარ იქნება. 

“მე ჩემი ხალხის იმედი მაქვს. ჩვენ უკვე ვნახეთ სახელმწიფოებრივი საკითხების ქუჩაში გადაწყვეტის პრაქტიკამ რა შედეგი მოუტანა ხალხს, ამის გამო ვფიქრობ ხალხს არ აწყობს იგივე სიტუაციის გამეორება და არეულობა”, – განაცხადა დღეს რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა.

იგი კიდევ ერთხელ უარყოფს ვარაუდებს საგანგებო სიტაუციის გამოცხადების თაობაზე და აცხადებს, რომ ამ ინფორმაციის გამავრცელებელს თავად ეშინია არჩევნების დემოკრატიულად, ყოველგავრი გაყალბების გარეშე ჩატარებისა, ვიდრე ხელისუფლებას.

“გასაკვირია, რატომ ვერ დაარწმუნეს ოპონენტებმა საზოგადოება ხელისუფლების მხრიდან საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შესაძლებლობაში? ეს იმას ადასტურებს, რომ ყველაფერი ეს ზღაპარია და თავად სურთ მართვადი ქაოსის შექმნა,” – აცხადებს შევარდნაძე და თავის ოპონენტებს შეახსენებს, რომ საგანგებო სიტუაციის გამოცხადება მასთან შეთანხმების შემდეგ პარლამენტის პრეროგატოვაა.

პრეზიდენტი ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას გამოხატავს და აქვე პარლამეტს სთავაზობს ერთ-ერთი კონფლიქტური საკითხის მოგვარების ახალ ვარიანტს – ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებას საზოგადო მოღვაწეთა ფართო სპექტრით, პოლიტიკოსებისა და საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებით.

Back to top button