
ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა და საქართველოს პრეზიდენტმა “გაზპრომის” შესახებ იმსჯელეს
(თბილისი, 6 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – 6 ივნისს თბილისში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა კასპიის ენერგეტიკულ საკითხებში სტივენ მანმა და საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ენერგეტიკის სფეროში საქართველო-ამერიკის თანამშრომლობისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის საკითხები განიხილეს.
როგორც სტივენ მანმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მხარეებმა საქართველოსა და რუსულ კომპანია “გაზპრომს” შორის მიღწეული შეთანხმების შესახებაც იმსჯელეს.
“გაზპრომთან” შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს ბაზარზე გაზის მოწოდებასა და განაწილებაში თანამშრომლობას, ასევე საქართველოს გავლით გაზის თურქეთსა და სომხეთში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
ექსპერტთა აზრით, “გაზპრომთან” შეთანხმებამ შესაძლოა “შაჰ-დენიზის” პროექტის განხორციელებას შეუშალოს ხელი, რომელიც ითვალისწინებს ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობას.
“გაზპრომთან” მოლაპარაკებები დაწყებით სტადიაშია და ჯერ არანაირი შეთანხმებისთვის არ მოგვიწერია ხელი. ამგვარად, ძნელია ამ ეტაპზე რაიმე კომენტარის გაკეთება. ვიმედოვნებ, რომMსაქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ხელს შეუშლის “შაჰ-დენიზის” პროექტის განხორციელებას, – განაცხადა სტივენ მანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ “შაჰ-დენიზის” პროექტს საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ქვეყანა წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.
საქართველოს საერთაშორისო ნავთობკორპორაციის პრეზიდენტის გიორგი ჭანტურიას თქმით, საქართველო აუცილებლად შეასრულებს “შაჰ-დენიზის” პროექტის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს.