ახალი ამბები

იაპონიის მთავრობის ფინანსური დახმარება საქართველოს სოციალური სფეროსადმი

(თბილისი, 24 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისის აზია-აფრიკის ინსტიტუტის იაპონურ ცენტრში დღეს იაპონიის საელჩოს ინიციატივით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა და აზერბაიჯანსა და საქართველოში იაპონიის ელჩის ტოშიუკი ფუძივარას საქმიანი შეხვედრა შედგა.

შეხვედრის დროს ელჩმა არასამათვარობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად 6 პროექტის დაფინანსებას მოაწერა ხელი, რომელიც ძირითადად სოციალურ სფეროს და განათლებას ეხება.

“6 პროექტის დაფინანსება ძირითადად მიზნად ისახავს საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების რეკონსტრუქციას და სოციალურად დაუცველი პირების დახმარებას, რაც  საქართველოს ხალხის პირობების გაუმჯობესებას უკავშირდება”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიას” იაპონიის ელჩმა ტოშიუკი ფუძივარამ.

მისი თქმით, იაპონიის მთავრობა დიდ დაინტერესებას იჩენს საქართველოს მიმართ, რათა გარკვეული დახმარების გაწევით შენარჩუნებული იქნას პოლიტიკური სტაბილურობა და ხელი შეეწყოს ეკონომიკურ განვითარებას.

“სხვა ქვეყნების ინტერესებთან შედარებით იაპონიას საქართველოს მიმართ სულ სხვა ინტერესი გააჩნია და ეს სუფთა მეგობრული ურთიერთობების დამყერებაა. იაპონია ნამდვილად დაინტერესებულია კავკასიის კეთილდღეობით” – აცხადებს იაპონიის ელჩი.

იაპონიის მთავრობის ფინანსური დახმარებით დღეიდან დაფინანსდება საქართველოში არსებული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი პროექტი, მათ შორის თბილისი #101-ე საშუალო სკოლის შენობის და ქარელის რაიონში სამედიცინო დაწესებულების კაპიტალური რემონტი. ასევე ერთი პროექტი ითვალისწინებს იძულებით ადგილნაცვალ პირთა დახმარებას.

“პირადად მე მივესალმები არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, აქამდე ჩვენ სამთავრობოთაშორისო ურთიერთობა გვქონდა საქართველოსთან, ახლა კი დავიწყეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან  ურთიერთობაც, რაც მისასალმებელია იმის გამო, რომ ამ ორგანიზაცებს უფრო ახლო კავშირი აქვთ ხალხთან და მათ ინტერესებს წარმოადგენენ. მათი დახმარებით კი, ჩვენც დახმარებას ვუწევთ ქართველ ხალხს”, – აცხადებს იაპონიის ელჩი.

თითოეული ამ პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 80 ათასი დოლარს შეადგენს. იაპონიის ელჩის ინფორმაციით, იაპონიას დაგეგმილი აქვს წელს კიდევ 24 პროექტის დაფინანსება.

მომავალში კი ტოშიუკი ფუძივარა საქართველოს კულტურული სფეროს განვითარების მიზნით შესაბამისი პროექტების დაფინანსებას გეგმავს, თუმცა აცხადებს, რომ ეს მისი სურვილია, დანარჩენი ქართული მხარის მიერ პროექტების წარმოდგენაზე და იაპონიის მთავრობასთან მოლაპარეკებებზეა დამოკიდებული.

Back to top button