
ოპოზიცია პრეზიდენტს მოშიმშილეებთან შეხვედრისკენ მოუწოდებს
(თბილისი, 24 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ პრეზიდენტ შევარდნაძეს მოუწოდა საპენსიო დავალიანების მოთხოვნით მოშიმშილე დეპუტატებს შეხვდეს.
პარლამენტის 23 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა განაცხადეს, რომ მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და მოუწოდეს პრეზიდენტს, რომ შეხვდეს მოშიმშილეებს და დაარწმუნოს ისინი შეწყვიტონ შიმშილობის აქცია.
ნაციონალური მოძრაობის ხუთმა წევრმა შიმშილობის აქცია 16 ივლისს იუსტიციის სამინისტროს შენობაში საპენსიო დავალიანების გასტუმრების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების შესრულების მოთხოვნით დაიწყო.
ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით, სამტრედიისა და ქუთაისის პენსიონერებმა 1998-2000 წლების საპენსიო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. 2003 წლის აპრილში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სოციალური უზრუნველყოფის ფონდსა და ფინანსთა სამინისტროს ეკისრებათ ვალდებულება გადაიხადონ 364 000 ლარის ოდენობის საპენსიო დავალიანება.