
პარტიები შეთანხმებას ვერ აღწევენ
(თბილისი, 23 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – 23 ივლისს გამართული კონსულტაციების დროს საპარლამენტო ფრაქციებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადგილების გადანაწილების თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ივლისის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტის დავალებით ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი საქართველოში ჩამოვიდა და პოლიტიკურ პარტიებს ამერიკის ადმინისტრაციის საარჩევნო რეკომენდაციები გადასცა, რომლებიც ცსკო-ს სახელისუფლებო პარტიების ხუთი და ოპოზიციური პარტიების ცხრა წარმომადგენლისგან დაკომპლექტებას ითვალისწინებს.
პრეზიდენტი და შვიდი ოპოზიციური პარტია შეთანხმდნენ გაითვალისწინონ აშშ-ის რეკომენდაციები, მაშინ როცა “მრეწველები” და “აღორძინება” ორ და ოთხ ადგილს მოითხოვენ საარჩევნო კომისიაში.
დღეს გამართულ კონსულტაციებზე აღორძინებამ ახალი დოკუმენტის პროექტი წარადგინა, რომელიც ითვალისწინებს ცსკო-ს დაკომპლექტებას 17 წევრისაგან. პროექტის მიხედვით, იმ პარტიებს, რომელთაც გადალახეს 7%-იანი ბარიერი 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, შეუძლიათ სამი წევრი წარადგინონ კომისიაში, პრეზიდენტი წარადგენს ერთ წევრს, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკები – ასევე თითო-თითო წარმომადგენელს. დანარჩენი ოპოზიციური პარტიები დარჩენილ 5 ადგილს გაინაწილებენ.
წარმოდგენილი პროექტი ბეიკერის გეგმას ეწინააღმდეგება. “აღორძინება” არჩევნების ბოიკოტით იმუქრება, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს.
მრეწველებმაც წარმოადგინეს თავიანთი პროექტი, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის ცხრა ადგილი უნდა გადანაწილდეს იმ პარტიებს შორის, რომელთაც საუკეთესო შედეგები ჰქონდათ 2002 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ შემთხვევაში რამდენიმე ძირითადი ოპოზიციური პარტია, ზურაბ ჟვანიას “გაერთიანებული დემოკრატების”
ჩათვლით ადგილების გარეშე დარჩებიან კომისიაში.
პარლამენტი შემოთავაზებულ პროექტებს დღეს საღამოს საგანგებო სხდომაზე განიხილავს. კენჭისყრაც დღეისთვის არის დაგეგმილი. სახელისუფლებო ფრაქციების ხმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება კენჭისყრის დროს.