
სეკვესტრი გარდაუვალია, – აცხადებს შევარდნაძე
(თბილისი, 21 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ბიუჯეტის სეკვესტრის შემთხვევაში გამორიცხავს სოციალური სფეროსთვის განკუთვნილი თანხების შემცირებას.
“სეკვესტრი არ შეეხება სოციალური პროგრამების დაფინანსებას. ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად მაინც მოხდება პედაგოგთა საზაფხულო ხელფასების და პენსიების გაცემა. ასევე შემუშავებულია პროგრამა 1998-99 წლებში დაგროვილი პენსიების გაცემასთან დაკავშირებით. ნებისმიერ პენსიონერს შეეძლება აიღოს ეს თანხა ან ერთაბშად ან პერიოდულად”, – განაცხადა დღევანდელ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა.
შევარდნაძე თხოვნით მიმართავს ყველა პოლიტიკურ ძალას ნუ იყენებენ ამ თემას არჩევნების წინ პოპულისტური მიზნებით.
პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ წლევანდელი წლის შიდა ეროვნული პროდუქციის წარმოება გაცილებით აღემატება გასული წლების მაჩვენებელს და იგი 10%-ით არის გაზრდილი.
“ეს იმ პოლიტიკური ძალების გასაგონად ვაცხადებ, რომლებიც აცხადებენ, რომ ეკონომიკა არ ვითარდება და წინასაარჩევნო კლიპებში აჩვენებენ დანგრეულ ქვეყანას, რომელიც თითქოს ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგ სასიკეთოდ შეიცვლება, ეს ასე არ არის”, – აცხადებს შევარდნაძე.
ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, საჭიროა ქვეყანაში დაიწყოს კონტრაბანდის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა. მისი თქმით, სწორედ ამ თემას მიეძღვნა 19 ივლისს კანცელარიაში გამართული საგანგებო თათბირი, რისთვისაც მობილიზებული არიან ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები.