ახალი ამბები

“ეი-ი-ეს თელასის” ხელმძღვანელობა უარყოფს ინფორმაციას კომპანიის რუსული მხარისთვის მიყიდვის შესახებ

(თბილისი, 17 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ამერიკული კომპანია “ეი-ი-ეს თელასის” ხელმძღვანელობა უარყოფს ინფორმაციას კუთვნილი ელექტროგამანაწილებელი ქსელის რუსული კომპანია “რუსეთის ერთიანი ელექტროსისტემის” მიყიდვის შესახებ.

“ჩემთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ამომეწურა ორწლიანი კონტრაქტი და ვტოვებ საქართველოს, კომპანია კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას”, – განაცხადა კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა იგნასიო ირიბარენმა. 

პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მთავრობისგან და შესაბამისი სტრუქტურებიდან ამ საკითხის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოსმენა მოითხოვა.

“თელასი” სტრატეგიულო ობიექტია და მისი გასხვისება რეაგირების გარეშე, ჩვენი მხრიდან ასე უყურადღებოდ არ უნდა მოხდეს, –  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამერიკულმა კომპანია “ეი-ი-ეს”-მა “თელასი” 1999 წელს შეისყიდა და აქციათა 75% მფლობელი გახდა, 25%-ს კი ქართული მხარე ფლობს. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია ვინ იქნება ახალი გენერალური მენეჯერი. იგნასიო ირიბარენი მეორე მენეჯერია. “თელასის” შესყიდვის დროს კი კომპანიას მაიკლ სქოული ხელმძღვანელობდა.

Back to top button