ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრის საპასუხო ბრალდებები აჭარის ხელმძღვანელობის მიმართ

(თბილისი, 17 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე ბიუჯეტის სეკვესტრის ერთ-ერთ მიზეზად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან თანხების არგადმორიცხვას ასახელებს.

“სეკვესტრი არ მოხდებოდა, აჭარასა და ცენტრს შორის კონსტიტუციით განსაზღვრული ვალდებულებები რომ განხორციელებულიყო”, – განუცხადა 16 ივლისს ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისატრმა.

იგი ასევე აკრიტიკებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ასლან აბაშიძეს და მის ბრალდებებს ცენტრალური ხელისუფლებისადმი უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

“ცენტრალურ ბიუჯეტში იმის რესურსი არსებობდა, რომ მომხდარიყო აჭარის ბიუჯეტში თანხების მობილიზება, რაც ხელფასების მატებას უნდა მოხმარებულიყო, მაგრამ ამ თანხების გადარიცხვა იმავე მოტივით, აჭარის მხრიდან პირობების შეუსრულებლობის გამო არ მოხერხდა”, – განაცხადა ავთანდილ ჯორბენაძემ.

სახელმწიფო მინისტრი ორი დღის წინ ასლან აბაშიძემ დანაპირების შეუსრულებლობაში და აჭარის ბიუჯეტში თანხების არ გადარიცხვაში დაადანაშაულა.

Back to top button