ახალი ამბები

გრიგოლ ხურცილავას განაჩენი გამოუტანეს

(თბილისი, 9 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობაში ბრალდებულ გრიგოლ ხურცილავას დღეს გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 13 წლის ვადით. ბრალდებული სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

სასჯელის მოხდის ვადა მსჯავრდებულს, მოსამართლე ნანა გუგუნაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის მიხედვით, დაკავებიდან 2001 წლიდან ჩაეთვლება.

სასამართლომ მკვლელობის ზუსტი მოტივი ვერ დაადგინა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო. მხედველობაში არ იქნა მიღებული ბრალდებულის ადვოკატის მტკიცებულება სულიერი აღელვების ნიადაგზე მკვლელობის აფექტის მდგომარეობაში ჩადენის თაობაზე, რასაც ბრალდებულის მხარე გარდაცვლილის მხრიდან სექსუალური ძალადობის მცდელობით ხსნიდა.

სასამართლომ არ გაითვალისწინა არც მკვლელობის შესაძლო პოლიტიკური მოტივი, რასაც მკვლელობის შემდეგ საინფორმაციო საშუალებებში დეპუტატი ელენე თეფდორაძე ამტკიცებდა, თითქოსდა მის მიერ სანაისათვის გადაცემულ ვიდეოკასეტასთან დაკავშირებით, რომელზეც საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ზოგიერთ მაღალჩინოსანთა ნარკომაფიასთან კავშირის დამამტკიცებელი მაკომპრომენტირებელი კადრები იყო ასახული.

მხარეებს განაჩენის საოლქო სასამართლოში გასასაჩივრებლად 14 დღის ვადა მიეცათ. მსჯავრდებულს პატიმრობის პერიოდში შეუძლია მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით.

დაღუპულის ოჯახი ამ სასამართლო პროცესს თავიდანვე არ ცნობდა და პროცესზე დაზარალებულის სახით არ გამოსულა. ჟურნალისტი გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში მოკლესს.

მსგავსი/Related

Back to top button