ახალი ამბები

სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

სომხეთის პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი პრეზიდენტობის მეორე ვადით არჩევის შემდეგ პირველ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში ახორციელებს და აცხადებს, რომ ეს უკვე ტრადიციად იქცა.

“პირველად პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველი ვიზიტით საქართველოში ვიმყოფებოდი და ეს ერთგვარ ტრადიციად იქცა. მოხარული ვარ, რომ ჩემმა ქართველმა კოლეგამ მომიწვია და ახლა თბილისში ვარ” – განაცხადა ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრისას სომხეთის პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა.

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ეკონომიკური, პოლიტიკური საკითხები, მათ შორის სომხეთისა და რუსეთს შორის საქართველოს გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა –  ეს ის ძირითადი საკითხებია, რის გარშემოც საუბარი წარიმართა 27-28 ივნისს საქართველოში სომხეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის დროს.

რობერტ ქოჩარიანი თბილისში 27 ივნისს საგარეო საქმეთა, კულტურის, სოფლის მეურნეობის მინისტრებთან, ასევე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან, სასაზღვრო ჯარების და საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად ჩამოვიდა.

უკანასკნელ პერიოდში რუსეთსა და სომხეთს შორის საქართველოს გავლით სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის საკითხი სომხეთის ოფიციალური პირების საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა ხდება. სომხეთი, რომელიც ბლოკირებულია თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან, ცდილობს სახმელეთო კავშირის აღდგენას თავის სტრატეგიულ მოკავშირესთან – რუსეთთან. რუსეთთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალი 1992-93 წლის აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ არ ფუნქციონირებს.

“ჩვენ კარგად ვართ გარკვეული [7 მარტს] სოჭში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმების არსში და დაინტერესებული ვართ რკინიგზის აღდგენით აფხაზეთის გავლით. ამით მოიგებს როგორც საქართველო და რუსეთი, ასევე მთელი რეგიონი”, – განაცხადა ქოჩარიანმა.

სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტს წინ უსწრებდა თბილისში საქართველოსა და რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროების წარმომადგენელთა მოლაპარაკებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომლის დროსაც გაცხადდა, რომ წინასწარი დაანგარიშებებით, აფხაზეთში რკინიგზის აღდგენა 40 მილიონი დოლარი დაჯდება. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ დაფარავს ამ ხარჯებს. თუმცა, ფინანსურის გარდა მოსაგვარებელი რჩება პრობლემის პოლიტიკური ასპექტებიც.

“ეს არის ყველაზე მოკლე, მოხერხებული და იაფი გზა, რომლითაც შესაძლებელია ტვირთბრუნვა, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს შეთანხმების მთავარი დეტალი – რკინიგზის გახსნამდე გალში დევნილების უსაფრთხო დაბრუნება. სანამ ეს საკითხი არ მოგვარდება რკინიგზის გახსნა ვერ მოხერხდება. რკინიგზის გახსნით კი მოიგებს რუსეთი, საქართველო და არც აფხაზები არ წააგებენ არაფერს” – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

საქართველოში მაცხოვრებელი ეთნიკური სომხების მდგომარეობა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელიც სომხეთის ხელისუფლების დაინტერესების საგანი ხდება. სომხეთის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა საქართველოში მცხოვრები სომხების, კერძოდ კი ჯავახეთში მყოფი დიასპორის დახმარებაზე.

“შეხვედრის დროს ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი. ვიცით, რომ მათ წინაშე ბევრი პრობლემაა, უფრო სოციალური. ისიც ვიცით, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ჩვენ მზად ვართ დახმარება აღმოუჩინოთ ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე”, – განაცხადა ქოჩარიანმა.

“ვცდილობთ ვიპოვოთ გამოსავალი არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით. ჯავახეთის გარდა სომხები თბილისში და სხვა კუთხეშიც ცხოვრობენ. სულ მათი რიცხვი დაახლოებით 460 ათასს აღწევს, გახსნილია სომხური სკოლები, ყველა პირობა არსებობს ასევე სომეხი ახალგაზრდებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად”, – განაცხადა  შევარდნაძემ.

აღნიშნული საკითხის განხილვა პრეზიდენტმა ქოჩარიანმა საქართველოში მაცხოვრებელი სომხური დიასპორას წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაგრძო. მან კატეგორიულად უარყო, რომ შეხვედრისას იგი დიასპორას წარმომადგენლებს მოუწოდებდა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მხარი შევარდნაძის საარჩევნო ბლოკისთვის დაეჭირათ.

“მე მხარს ვუჭერ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს. მოსახლეობას უნდა მიეცეს არჩევნებში საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება”, – განაცხადა ქოჩარიანმა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა არა ერთხელ გააკრიტიკეს მაისში სომხეთის საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარი მრავალი დარღვევის გამო.

“მე ყოველთვის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი სომეხი მოსახლეობისგან. მათ ნდობა გამომიცხადეს და მეორე ვადით არჩევის დროს მხარი დამიჭირეს და ახლაც მჯერა, რომ სამართლიან არჩევანს გააკეთებენ. 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი, თუ როგორი პარლამენტი გვეყოლება”, – განაცხადა შევარდნაძემ და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლად მოქმედებისა და საკუთარი სურვილის გამოხატვისკენ მოუწოდა.

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების თემა პრეზიდენტმა ქოჩარიანმა პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან გამართული შეხვედრის დროსაც განიხილა.

“ჩვენ ვისაუბრეთ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. ასევე მოვახსენე თუ რა პოზიციები გააჩნია სახელისუფლებო და ოპოზიციურ ბლოკებს ამ საკითხთან დაკავშირებით” – განაცხადა რობერტ ქოჩარიანთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ.

თბილისში სომხური დელეგაციის ვიზიტისას ხელი მოეწერა შეთანხმებებს ორ ქვეყანას შორის ინფორმაციისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობისა შესახებ.

თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია

Back to top button