ახალი ამბები

გახმაურებულ გატაცებებში ეჭვმიტანილი დააკავეს

პანკისის ხეობაში წლების განმავლობაში მოქმედი ადამიანის გატაცებებით დაკავებული კრიმინალური დაჯგუფების მეთაურის დაკავებამ, შესაძლოა ნათელი მოფინოს საქართველოში მომხდარ გახმაურებულ გატაცებათა საქმეებს.

24 ივნისს, ქართველმა სამართალდამცველებმა, რუსი კოლების დახმარებით დააკავეს M29 წლის მევლუდ ჭიჭიაშვილი. წინა დღეებში კი პანკისის ხეობაში მოხდა ოთხი პიროვნების დაკავება, რომლებიც სავარაუდოდ, ჭიჭიაშვილის დაჯგუფების წევრები იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცდებით ჭიჭიაშვილის და მისი დაჯგუფების წევრების მიერ იყო ორგანიზებული ისეთი გახმაურებული გატაცებები, როგორიც არის 2000 წელს ორი ესპანელი ბიზნესმენის, 2002 წელს ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს, იმავე წელს დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის გატაცებები.  

მევლუდ ჭიჭიაშვილი ქართველი სამართალდამცველების მიერ 1997 წლიდან იძებნებოდა. დაკავების მომენტში იგი მოსკოვში საკუთარი დის ოჯახში იმყოფებოდა. ამჟამად დამნაშავე მოსკოვში, წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება და მისი ექსტრადიცია თბილისში უახლოეს დღეებშია დაგეგმილი.

“მევლუდ ჭიჭიაშვილი იმდენად საშიშია, რომ მისი ექსტრადიცია, ბადრაგირება, შემდგომ კი საპყრობილეში ყოფნა განსაკუთრებულ კონტროლს ითხოვს და უნდა გამოირიცხოს მისი გაქცევის ფაქტები. მასზე გაძლიერებული დაცვა უნდა განხორციელდეს” – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა 25 ივნისს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

მისი განცხადებით, ჭიჭიაშვილის დაკავება რამდენიმე თვის წინაც იგეგმებოდა, თუმცა ოპერაცია გარკვეული მიზეზების გამო ვერ განხორციელდა.

შს სამინისტროს გააჩნია იმ დანაშაულებრივი ქმედების სრული ნუსხა, რომელსაც სავარაუდოდ ჭიჭიაშვილი 1997 წლიდან მოყოლებული ჩადიოდა საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე. მას ბრალი ედება ადამიანთა თავდასხმებსა და დაყაჩაღებაში, მკვლელობასა და გატაცებაში. დანაშაულთა რაოდენობა ამჟამად 18 აღწევს, თუმცა მინისტრი ნარჩემაშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს მისი თბილისში ჩამოყვანის და დაკითხვის შემდეგ.

ნარჩემაშვილი არ გამორიცხავს, რომ ჭიჭიაშვილს შეიძლება კავშირი ჰქონდა 2000 წლის 20 აგვისტოს წითელი ჯვრის თანამშრომლების გატაცებასთანაც.

სამინისტროში ასევე ვარაუდობენ, რომ ჭიჭიაშვილი და მისი ბანდიტური დაჯგუფება ფიგურირებდა პანკისის ხეობაში 2001 წელს ბერი მაჩიტაძის გატაცებაშიც.

“ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია ის, რომ ბერი ცოცხალია. ადგილსამყოფელს კი ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში მივაკვლევთ” – აცხადებს მინისტრი.

მინისტრის ინფორმაციით, 25 ივნისს ახმეტის რაიონის პოლიციამ ასევე დააკავა დამნაშავეთა ოთხკაციანი ჯგუფი, რომელთაც წინასწარი ინფორმაციით კავშირი ჰქონდათ ჭიჭიაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულობებთან და ერთობლივად მოქმედებდნენ. დაკავებული მუსა და ელიზბარ ხანგოშვილები, ელიზბარ ფრანგოშვილი და ვახტანგ ქავთარაშვილი ამჟამად ორთაჭალის მე-5 საპყრობილეში იმყოფებიან.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ ჭიჭიაშვილის ექსტრადიცია აუცილებლად მოხდება და ამის ხელისშემშლელ ფაქტორს ვერ ხედავს. ექსტრადიციის შესახებ რუსეთში უკვე გადაგზავნილია ყველა საჭირო დოკუმენტი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა თავის რუს კოლეგას ბორის გრიზლოვს.

Back to top button