ახალი ამბები

საპარლამენტო არჩევნებზე დასასწრებად შევარდნაძე მეგობარი ქვეყნებიდან დამკვირვებლებს ეპატიჟება

(თბილისი, 16 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში ჩამოსვლას და საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობაზე დაკვირვებას სთავაზობს.

“პირველად ვიწვევ ჩემს მეგობარებს არჩევნებზე, რათა დარწმუნდნენ, რომ ხელისუფლების და ჩემს ინტერესებში არის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება”, – განაცხადა დღევანდელ რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ.

იგი მოსახლეობას მოუწოდებს დაიცვან საკუთარი ხმები და არჩევანის გაკეთებამდე გადახედონ 10-15 წლის განმავლობაში განვლილ პერიოდს და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება, რომელ პარტიას დაუჭირონ მხარი და არ აჰყვნენ პროვოკაციას.

“დაე, გაიმარჯვოს იმ ძალამ, რომელიც მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუჭერს მხარს. ეს არჩევნები უნდა გახდეს 12 წლიანი დემოკრატიის გზით სვლის საბოლოო შედეგი”, – განაცხადა შევარდნაძემ.

ამის მიუხედავად, პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ  არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი სახელისუფლებო ბლოკს აქვს, რადგან, მისი თქმით, ერთადერთი პოზიტიური პროგრამა მას აქვთ შემუშავებული.

პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოპონენტებს კომპრომისკენ. მისი თქმით, ეს უნდა იყოს ორმხრივი კომპრომისი საარჩევნო კოდექსთან და ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქაოსი და დესტაბილიზაცია გარდუვალი იქნება.

Back to top button