ახალი ამბები

ლონდონის სიტის მერი კმაყოფილია საქართველოში ვიზიტით

(თბილისი, 25 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფი ლონდონის სიტის ლორდ მერი ალდერმან გევინ არტური დღეს ქართველ ჟურნალისტებს შეხვდა.

“თბილისში ჩემი ვიზიტი მიზნად ისახავს არსებული დიპლომატიური და საქმიანი ურთიერთობების განმტკიცებას, ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ფინანსურ თანამშრომლობის გაღრმავებას. იქიდან გამომდინარე, რომ ლონდონი წარმოადგენს ფინანსების უმსხვილეს ცენტრს, მზად არის ჩაერთოს საქართველოში საგადასახადო და სადაზღვევო კანონმდებლობის მოწესრიგებაში”, – განაცხადა ბრიფინგზე ლონდონის სიტის ლორდ მერმა ალდერმან გევინ არტურმა.

მისი განცხადებით, ლონდონში ასევე დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტიციების  ჩადებით, თუმცა ეს გარკევულ რისკთან არის დაკავშირებული.

“ვინაიდან ჩვენ ვართ მეგობრები, უნდა შევქმნათ ისეთი უსაფრთხო გარემო, რომ მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა და სხვადასხვა პროექტები განხორციელდეს. ამისათვის კი საჭიროა გამჭირვალობა და კანონის უზენაესობა”, – აცხადებს ლონდონის სიტის მერი.

მან ასევე ისაუბრა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტზე და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ამ პროექტს დიდი მნიშვნელობა ექნება.

“ეს არის ქვეყანა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა გააჩნია ევროპისათვის და აზიის ქვეყნებისათვის, მთავარია მისი განვითარება მოხდეს და ამისათვის მზად ვარ მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი ვიზიტი”, – აცხადებს ლონდონის სიტის მერი.

მას დღეს სეხვედრა ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტთან სადაც საუბარი ამ პროექტის განხორციელებას შეეხო. ლონდონი სიტის მერი ირწმუნება, რომ ამით საფრთხე არ შეექმნება ბორჯომის ხეობას და მინერალურ წყლებს. იგი იმედოვნებს, რომ ეს საკითხი სათანადოდ იქნება დაცული.

დღესვე ლორდ მერი ალდერმან გეივინ შეხვდა იმ 5 ახალგაზრდა ქართველ ბიზნესმენს, რომლებიც უახლოეს დღეებში ლონდონში გაემგზავრებიან კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

ლორდ მერის ოფისმა გარკვეული თანხა გამოყო ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი იურისტებისა და ფინანსისტების ლონდონის სიტიში სამუშაო გამოცდილების მისაღებად.

“ჩვენ პირადად შევხვდით ამ ახალგაზრდებს და ძალიან კმაყოფილები დავრჩით, საქართველოს დიდი მომავალი აქვს ასეთი ნიჭიერ ახალგაზრდებს თუ მივიღებთ მხედველობაში” – განაცხადა ლორდ მერმა ალდერმან გევინ არტურმა.

შეხვედრის ბოლოს იგი შეეხო თბილისი-ლონდონის რეისის გაუქმებას და განაცხადა, რომ ეს მეტად სამწუხარო და საქართველოსთვის სამარცხვინო იქნება, თუ შეფერხდება პირდაპირი რეისი და ეს სომხეთის გავლით განხორციელდება.

ლონდონის სიტის ლორდ მერი ალდერმან გევინ არტური თბილისში 22 მარტს ჩამოვიდა. მას
შეხვედრები ჰქონდა წამყვანი საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან. ლორდ მერი ამ ვიზიტით კმაყოფილია.

Back to top button