ახალი ამბები

ყოფილი გვარდიელების ამბოხი

(თბილისი, 24 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – 24 მარტს საღამოს ეროვნული გვარდიის ყოფილ მოსამსახურეთა დაახლოებით 30 კაციანი ჯგუფი ისნის რაიონში განლაგებულ ეროვნულ გვარდიის ნაწილის ტერიტორიაზე შევიდა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე და განაიარაღა დაცვა. ყოფილმა გვარდიელებმა ხელში ჩაიგდეს იარაღი და მძიმე ტექნიკა, რის შემდეგაც დაიწყო მოლაპარაკებები ხელისუფლების წარმომადგენლებთან ეროვნული გვარდიის ყოფილ მოსამსახურეთა სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.

წინასწარი ინფორმაციით, გვარდიის ვეტერანთა ჯგუმა სამხედრო ნაწილის ტერიტორია დანაღმა. რამდენიმე საათში სამხედრო ნაწილთან გავიდნენ სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი და პარლამენტის წევრი გიორგი ყარყარაშვილი.

შს და სახელმწიფო უსიშროების მინისტრებთან მოლაპარაკებების შემდეგ ამბოხებულმა ვეტერანმა გვარდიელებმა იარაღი დაყარეს და სამართალდამცველებს ჩაბარდნენ.

ამჟამად ამბოხის ინიციატორი 8 ვეტერანი გვარდიელი ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველოში იმყოფებიან.

ხელისუფლების წარმომადგენელთა, განცხადებით ვეტერანი სამხედროების მხრიდან ასეთი ქმედება თავის წარმოჩენისა და ყურადღების მიქცევის კიდევ ერთი მცდელობაა.

Back to top button