
საქართველოში კვლავ ენერგოკრიზისია
(თბილისი, 22 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს უმეტეს რეგიონებს, მათ შორის თბილისს ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. ქარიშხლის შედეგად დაზიანებულია რუსეთის ტერიტორიიდან მომავალი ერთ-ერთი გადამცემი ხაზი, რის გამოც დროებით შეწყდა რუსეთიდან ელექტროენერგიის მოწოდება.
სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ხაზზე აღდგენითი სამუშაოები, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება.
ამ დროისათვის ელექტროენერგიის იმპორტი სარეზერვო გადამცემი ხაზების “სალხინოს” და “დარიალის” საშუალებით ხორციელდება. ასევე “ეი-ი-ეს თელასის” და სომხეთის ენერგოსისტემის წარმოიმადგენლებს შორის მოლაპარაკების შედეგად გაიზარდა სომხეთიდან იმპორტი და დღე-ღამეში 60-120 მგვტ-მდე ენერგიას იღებს თბილისი.
ენერგეტიკოსების ვარაუდით ენერგომომარაგების მხრივ ვითარება ორშაბათიდან გამოსწორდება.