ახალი ამბები

პარლამენტმა საქართველო-აშშ-ის სამხედრო ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა

(თბილისი, 21 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 138 ხმით ერთის წინააღმდეგ ხმა მისცა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვით სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიკაციას.

“ჩვენ ყოველგვარი შიშის გარეშე შეგვიძლია მოვახდინოთ ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია. ეს ხელშეკრულება არც ერთი ქვეყნის კანონიერ ინტერესებს არ ეწინააღმდეგება”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღიარა ხელშეკრულებაში ხარვეზების არსებობა, მაგრამ აღნიშნა, რომ რატიფიკაციის შემდეგ შესაძლებელია ამერიკელებთან ერთან ამ ხარვეზებზე მსჯელობა და მათ გამოსწორებაზე ზრუნვა.

ხელშეკრულების რატიფიკაციას ეწინააღმდეგებოდნენ “აღორძინების”, “სოციალისტების” და “21-ე საუკუნის” წარმომადგენლები, თუმცა ბოლოს ‘სოციალისტებმა” პოზიცია შეიცვალეს და ხელშეკრულების რატიფიკაციას მხარი დაუჭირეს.

ხელშეკრულების მიხედვით, ქართული მხარის თანხმობით ამერიკის ადმინისტრაციას საშუალება ეძლევა გამოიყენოს საქართველოს ტერიტორიები და შენობები ამერიკული სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისთვის, სატრანსპორტო საშუალებების, გემებისა და თვითმფინავებისთვის.

ამერიკელ სამხედროებს ასევე საშუალება ეძლევათ საქართველოს ტერიტორიაზე ატარონ იარაღი, მათვე ენიჭებათ საელჩოს ადმინისტრაციისა და ტექნოკური პერსონალის მსგავსი პრივილეგიები და იმუნიტეტი.

Back to top button