
ერაყის ომი საქართველოს უშუალო საფრთხეს არ უქმნის – თავდაცვის სამინისტრო
(თბილისი, 21 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ერაყში მიმდინარე საომარი მოქმედებები უშუალო საფრთხეს არ უქმნის, – ამის შესახებ დღეს თავდაცვის სამინისტროს ქიმიური იარაღის განყოფილების უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა თამაზ ჯამათაშვილმა და საინჟინრო და ქიმიური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ვიცე-პოლკოვნიკმა ზურაბ გაბუნიამ განაცხადეს ბრიფინგზე.
“ქიმიური იარაღი საქართველოს ტერიტორიამდე ვერ მოაღწევს, ვინაიდან იარაღი მხოლოდ მეორადი ღრუბლის 25-30 კილომეტრ სიღრმეზე აღწევს. ასევე ერაყს ამჟამდ არ ააქვს ისეთი იარაღი, რომლის გამოყენებით შესაძლებელია ქიმიური იარაღის საქართველომდე მოღწევა, მხოლოდ თვითმფრინავების საშუალებით, თუმცა ამის განხორციელება საქართველოს ტერიტორიაზე გამორიცხულია”, – განაცხადა ზურაბ გაბუნიამ.
იგი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ერაყს გააჩნია ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი და ამის დამადასტურებლად ასახელებს ერაყის მიერ ბოლო წლებში წარმოებულ საომარ მოქმედებებს სხვადასხვა ქვეყვებთან, სადაც გამოყენებული იქნა ქიმიური იარაღი.
თავდაცვის სამინისტრო აშშ-ს კვლავ მხარდაჭერას უცხადებს. ზურაბ გაბუნიას განცხადებით, საქართველო მზად არის ამერიკის ნებისმიერი სამხედრო მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
“მათ იციან ჩვენი შესაძლებლობები, ამის დადასტურებაა გასული წლის ზაფხულში ამერიკელების ინიციატივით შემდგარი მაღალი რანგის შეხვედრა, რომელიც ანტიტერორისტულ საკითხებს მიეძღვნა და ამერიკელებმა ჩვენი მომზადების დონე დადებითად შეაფასეს”, – აცხადებს გაბუნია.
მისი თქმით, საქართველოს ასევე შეუძლია აწარმოოს კონტროლი, გააჩნია სასიგნალო და დაზვერვის სისტემა, რომელიც აფიქსირებს სამხედრო ობიექტებს. ერთადერთი, რამაც შეიძლება შეაფერხოს მუშაობა, ეს მატერიალური ბაზის უქონლობაა და საქართველოს ასეთ შემთხვევაში დახმარების იმედი აქვს.
საქართველოს აშშ-თვის დახმარების საშუალება არ ექნება, თუ პარლამენტი საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო სფეროში ხელშეკრულების დოკუმენტის რატიფიკაცია არ მოახდენს.
რაც შეეხება თავდაცვით მექანიზმებს, გაბუნიამ აღნიშნა, რომ არსებობს აირწინაღების გარკვეული რაოდენობა, რომელიც საქართველოს რუსების სამხედრო ბაზების მემკვიდრეობით გადმოცემის დროს დარჩა.