
შევარდნაძე კიდევ ერთხელ აღუთქვამს მხარდაჭერას ჯორჯ ბუშს
(თბილისი, 20 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე კიდევ ერთხელ მხარდაჭერას აღუთქვამს აშშ-ს პრეზიდენტს ერაყში საომარი მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით.
“აშშ-ს მხრიდან ისეთი ძალების კონცენტრეირბა ხდება სპარსეთის ყურესა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, რომ ამ ეტაპზე გაეროს უშიშროების საბჭო უკვე უძლურია. ეს საკუთარ თავზე გამოვცადეთ, როცა გაეროს მიერ მიღებული 28 რეზოლუციიდან დღეისათვის არც ერთი არ შესრულებულა. ბუშს არ სწამს გაეროს უშიშროების საბჭოსი, რომელსაც ვერ ძალუძს უზრუნველყოს მშვიდობა მსოფლიოში” – აცხადებს შევარდნაძე.
პრეზიდენტი საუბრობს ასევე ბუშის მიერ გამოგზავნილ წერილზე, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკა საქართველოს მადლიერია მხარდაჭერისთვის და, რომ აშშ მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს დახმარებას. შევარდნაძე იმედოვნებს, რომ სიტუაციის დარეგულირების შემდგომ ერაყში, აშშ შეძლებს საქართველოს დახმარებას.