
“თბილავიამშენი” ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ხელში რჩება
(თბილისი, 19 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – სს “თბილავიამშენი” 10 წლის მართვის უფლებით საწარმოს ხელმძღვანელობას გადაეცემა. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ქონების მართვის სამინისტრო 20 დღეში გამოაქვეყნებს.
ქონების მართვის სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ 18 მარტს განიხილა საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ წარმოდგენილი ერთადერთი განაცხადი საწარმოზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის შესახებ. ტენდერში არცერთი სხვა კომპანია არ მონაწილეობდა.
სატენდერო პირობების მიხედვით, “თბილავიამშენი” 10 წლის მართვის უფლებით უნდა გადაეცეს ახალ მეპატრონეს. კომპანიას ევალება საწარმოოს ძირითადი პროფილის შენარჩუნება, წარმოების მოცულობის ზრდა არანაკლებ 40%-ით, აქედან პირველი 5 წლის განმავლობაში 50%-ით. სატენდერო პირობები 13 პუნქტისგან შედგება და მისი გახორციელება საწარმოოს შემდგომ გავითარებას ითვალისწინებს.
საწარმო ერთადერთია, სადაც მიმდინარეობს “სუ-25” ტიპის თვითმფრინავების სარემონტო სამუშაოები, ასევე მოდერნიზაცია და სერვისული მომსახურეობა. ამჟამად საწარმოს საწესდებო კაპიტალი 55630555 ლარს შეადგენს. საწარმოს აქციათა პაკეტის 100%-ს მფლობელი სახელმწიფოა.