ახალი ამბები

პარლამენტის საგანგებო სხდომის გახსნა დღეს ვერ მოხერხდა

(თბილისი, 18 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის დეპუტატებმა კვლავ ვერ შეძლეს კვორუმის შეგროვება და პარლამენტის საგანგებო სხდომის გახსნა, რომელიც პრეზიდენტ შევარდნაძის განკარგულებით იქნა მოწვეული. სხდომაზე საქართველო-ამერიკის სამხედრო ხელშეკრულების რატიფიკაცია უნდა მოეხდინათ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიუ უნდა განეხილათ.

ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები უარს აცხადებენ რეგისტრაციის გავლაზე, სანამ სახელისუფლებო ფრაქციების მხრიდან არ იქნება მყარი დაპირება, რომ მინიმალური ხელფასების საკითხების განხილვა არ იქნება გადადებული.

შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა ვერც სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის მიწვევის შემდეგ, რომელმაც ოპოზიციური ფრაქციების ლიდერებთან კონსულტაციებში მიიღო მონაწილეობა.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა საოლქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა იმ მოტივით, რომ პარლამენტის საგანგებო სხდომა უკანონოდ იქნა დანიშნული.

პრეზიდენტი შევარდნაძე ცდილობს თავი აარიდოს პარლამენტის მიერ 28 თებერვალს დამტკიცებული მინიმალური ხელფასების საარსებო მინიმუმამდე გაზრდის კანონპროექტის მიმართ ვეტოს უფლების გამოყენებას.

ამის ნაცვლად შევარდნაძემ პარლანმენტის საგანგებო სხდომა მოიწვია, და ამ სახით ცდილობს პარლამენტის ხელითვე მოახდინოს კანონრპოიექტის ბლოკირება, – განაცხადა “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ.

პარლამეტმა მუშაობა ხვალ 11 საათზე უნდა განაახლოს. მანამდე გაგრძელდება კონსულტაციები სახელისუფლებო და ოპოზიციურ ფრაქციებს შორის.

Back to top button