ახალი ამბები

შევარდნაძე რელიგიური უფლების დაცვის მომხრეა

(თბილისი, 17 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი დადებითად აფასებს საქართველოში სხვადასხვა რელიგიური ერთობების არსებობას.

“ჩემი მხრიდან საყოველთაო ლოცვებზე დასწრება ზოგიერთისთვის გაუგებარი აღმოჩნდა, თუმცა ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, რაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობას ამტკიცება”, – განაცხადა შევარდნაძემ.

მისი თქმით, არანაირი საფრთხე არ ემუქრება მართმადიდებლურ რელიგიას. “ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მე ვარ მართმადიდებელი ქრისტიანი და ჩვენი სარწმუნოება შემწყნარებლობას გვიქადაგებს, საყოველთაო ლოცვაზე დასწრებაც ამით იყო განპირობებული. საქართველოს ისტორიაში ასეთი ფაქტები ბევრია. ჩვენც ასეთ საქართველოს ვაშენებთ, სადაც ყველა რელიგიის წარმომადგენელს შეეძლება ცხოვრება”, – განაცხადა შევარდნაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებასა და მართმადიდებლურ ეკლესიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც 2002 წლის 14 ოქტომბერს მოეწერა ხელი, სახელმწიფო რელიგიად მართმადიდებლურ-ქრისტიანულ სარწმუნოებას აცხადებს. “ეს ჩვენი დედა-რელიგიაა”- დასძინა შევარდნაძემ.

Back to top button