
თვითმმართველობის წარმომადგენლები ევროსაბჭოს დელეგაციას შეხვდნენ
(თბილისი, 14 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – 2003 წლის 12 მარტს საქართველოს სხვადასხვა რაიონების საკრებულოთა ასოციაციებისა და ქალაქების თვითმმართველობის კავშირის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები შეხვდნენ ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური მმართველობის კონგრესის მონიტორინგის დელეგაციას.
დელეგაციის ვიზიტის მიზანია შეისწავლოს საქართველოში თვითმმართველობის ინსტიტუტის განვითარების დონე და მოამზადოს ანგარიში ადგილობრივი დემოკრატიის შესახებ. აღნიშნული ანგარიში შემდგომში საფუძვლად დაედება იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური მმართველობის კონგრესი ოფიციალურად წარუდგენს საქართველოს ხელისუფლებას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ თვითმმართველობის ინსტიტუტი საქართველოში სუსტად არის განვითარებული, კერძოდ, არ არის სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა, არ დაწყებულა რეალური დეცენტრალიზაცია, გაუმიჯნავია ქონება და კომპეტენციები.
შეხვედრის მსვლელობისას ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში თვითმმართველობის სფეროში არსებული რელური მდგომარეობის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ განმარტებებისაგან, რომელიც მათ მიაწოდეს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
შეხვედრის ბოლოს მონიტორინგის დელეგაციის წარმომადგენლებს გადაეცათ საკრებულოთა ასოციაციებისა და ქალაქების თვითმმართველობის კავშირის წევრთა მიერ ხელმოწერილი მიმართვა, სადაც ჩამოყალიბებულია მოთხოვნები ცენტრალური ხელისუფლებისადმი.