
ხაზარაძის ინიციატივის შესწავლა პროკურატურას თხოვეს
(თბილისი, 14 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” წევრმა დავით კოღუაშვილმა მოითხოვა, რომ შესაბამისმა ორგანოებმა შეისწავლონ ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” თავმჯდომარის ვიტალი ხაზარაძის მიერ 13 მარტის სხდომაზე გაკეთებული განცხადება, რომლითაც მან პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებისა და ალტერნეტიული პარლამენტის შექმნის წინადადება წამოაყენა.
“ეს საკითხი შესწავლილი უნდა იქნას, რადგან ეს სახელისუფლებო ფრაქციების მხრიდან ძალაუფლების უზურპაციის მცდელობაა. მაინტერესებს რეალურად რა უდევს საფუძვლად ამ განცხადებას”, – განაცხადა დავით კოღუაშვილმა.
ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ და საკითხის შესწავლა გენერალურ პროკურატურას თხოვა. ამას მხარი დაუჭირეს ოპოზიციურ ფრაქციათა უმრავლესობამ.