skip to content
ახალი ამბები

“თბილავიამშენის” თემით პარლამენტი დაინტერესდა

(თბილისი, 14 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის წევრმა, ფრაქცია “დემოკრატიული აღორძინების” თავმჯდომარემ ჯემალ გოგიტიძემ პლენარულ სხდომაზე გაავრცელა ინფორმაცია იმ ეჭვების შესახებ, რომლებიც სს თბილავიამშენის” 10 წლის მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით არსებობს, რომ შესაძლოა ეს პროცესი სახელმწიფოებრივ ინტერესების წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.

ტენდერის ვადა “თბილავიამშენთან” დაკავშირებით 4 დღეში იწურება. გოგიტიძის განცხადებით, საწარმო, სადაც “სუ-25” ტიპის თვითმფრინავებს ამზადებენ, დეტალებით მარაგება ირანიდან.

“ეს თუ დადასტურდა ისედაც იმიჯშელახული საქართველოს პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე უფრო დაეცემა და შესაძლოა, სახელმწიფოს სტატუსსაც დავემშვიდობოთ, აქამდე საქართველო ტეროტისტების თავშესაფარად მოიაზრებოდა და ამის ფონზე ასეთი ინფორმაციის დადასტურება კიდევ უფრო გაართულებს ჩვენს მდგომარეობას” – განაცხადა გოგიტიძემ.

ამ ცნობას შესაძლო დეზინფორმაცია უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, თუმცა პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს დაავალა, რომ გენერალურ პროკურატურასთან, უშიშროების სამინისტროსთან და სხვა შესაბამის ორგანოებთან ერთად შეისწავლონ ეს საკითხი და პარლამენტს ინფორმაცია მიაწოდონ.

ბურჯანაძემ იურიდიულ საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების თავმჯდომარეებს თხოვა საგანგებო სხდომის ჩატარება და საწარმოს ამჟამინდელი გენერალური დირექტორის ვაჟა თორდიას მოწვევა მისგან დეტალური ინფორმაციის მისაღებად.

თორდია გოგიტიძის განცხადების შემდეგ თავად დაუკავშირდა ნინო ბურჯანაძეს თელეფონით და აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

საწარმოზე ტენდერი გასული თვის ბოლოს გამოცხადდა და დაინტერესებულმა პირებმა 18 მარტამდე უნდა წარადგინონ განაცხადი.

მსგავსი/Related

Back to top button