
უშიშროების საბჭომ მოისმინა ინფორმაცია შეთქმულების შესახებ
(თბილისი, 14 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დღეს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ შესაძლო შეთქმულების შესახებ ჩატარებული გამოძიების თაობაზე ინფორმაციით გამოვიდა გენერალური პროკურორი ნუგზარ გაბრიჩიძე.
მისი განცხადებით, სპეციალურმა კომისიამ უკვე შეისწავლა ეს საკითხი, დაიკითხა ყველა ის პირი, ვინც გაავრცელა შეთქმულების შესახებ ინფორმაცია.
“დაკითხვის და გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ არანაირ შეთქმულებას პრეზიდენტის წინააღმდეგ ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა ნუგზარ გაბრიჩიძემ.
ამას ადასტურებს შს მინისტრი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითონაც მონაწილეობდა შეთქმულებაში.
დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯომარემ ავთანდილ იოსელიანმა განაცხადა, რომ “ასეთი ინფორმაცია გავრცელდება მანამ, სანამ კონსტიტუციაში იარსებებს 52-ე მუხლი, რომელიც პარლამენტის დეპუტატებს უფლებამოსილს ხდის გაავრცელონ სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია და არ დაასახელონ ინფორმაციის წყარო”.
შეთქმულების შესახებ ინფორმაცია პირველად პოლიტიკური პარტია “ახალი მემარჯვენეების” წევრებმა ერთი თვის წინ გაახმოვანეს. ამას თავის დროზე აბსურდული უწოდა საქართველოს პრეზიდენტმაც, თუმცა გენერალურ პროკურორს ინფორმაციის გავრცელების წყაროების შესწავლა დაავალა.