
ჩეჩენ ლტოლვილებს მესამე ქვეყანაში გადასახლება სურთ
(თბილისი, 1 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები მესამე ქვეყანაში გადასვლის საკითხს კვლავ აყენებენ. “ეს ძირითადად იმით არის განპირობებული, რომ მათ არ სურთ საქართველოს რაიმე პრობლემა შეუქმნან ამ ტერიტორიაზე ყოფნით, ასევე უფრო უსაფრთხო იქნება მათთვისაც და ქართველი ადგილობრივი მოსახელობისთვისაც თუ ჩეჩენი ლტოლვილები საქართველოს დატოვებენ”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ახმეტის რაიონის გამგებელმა ნუკრი ალავიძემ. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას ახორციელებს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, თუმცა ამ ეტაპზე ჯერ გარკვეული არ არის რომელ ქვეყანაში მოხდება ჩეჩენი ლტოლვილების გადაყვანა. ალავიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს რამოდენიმე ქვეყნის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება. ბოლო მონაცემებით პანკისის ხეობაში 4000-მდე ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს.