ახალი ამბები

პირველი მარტიდან ელექტროენერგიაზე ახალი ტარიფი ამოქმედდება

(თბილისი, 28 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისის მოსახლეობა 1 მარტიდან 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე 12,18 თეთრს გადაიხდის. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენელმა თამარ ნოსელიძემ აცნობა.

მისი თქმით, ამ ტარიფის შესახებ დებულება უკვე განიხილა და დაამტკიცა იუსტიციის სამინისტრომ. რაც შეეხება “გაერთიანებული ენერგოსისტემის” და “ენგურჰესის” ხელმძღვანელების მიერ საოლქო და უზენაეს სასამართლოებში შეტანილი სარჩელის გამო ახალი ტარიფის ამოქმედების შეჩერების საკითხს, ნოსელიძის ინფორმაციით, ამის შესახებ სემეკს სასამართლოსგან არავითარი განცხადება არ მიუღია. (გაერთიანებულმა ენერგოსისტემის და ენგურჰესის ხელმძღვანელობა აპროტესტებს ტარიფში საკუთარი წილის დაკლებას და ამის გამო 27 თებერვალს სარჩელი შეიტანეს სასამართლოში).

1 მარტიდან ასევე ახალი ტარიფი დაწესდება რეგიონებშიც. 1 კვტ/სთ ელექტროენერგია 7,8 თეთრი ეღირება. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ენერგოსისტემას დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გაათავისუფლებს, ტარიფი თბილისში 10,15 თეთრი, ხოლო რეგიონებში 6,35 თეთრი გახდება.

Back to top button