
“თბილგაზზე” გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს
(თბილისი, 28 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – “თბილგაზზე” გამოცხადებული ტენდერის ვადები Dდღეს ამოიწურა. ტენდერში მონაწილეიბის სურვილი არცერთ უცხოურ და ქართულ კომპანიას არ გამოუთქვია.
“თბილგაზის” ტენდერზე განაცხადი არ წარუდგენია ასევე საერთაშორისო ენერგეტიკულ კომპანია “იტერასაც”, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ხელმძღვანელები თბილისში ყოფნის დროს სატენდერო პირობებს გაეცნენ.
სატენდერო პირობების მიხედვით, “თბილგაზი” 10 წლის მართვის უფლებით უნდა გადაეცეს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს ტექნიკურად გაზის მეურნეობა და განავითაროს ის, ასევე გაზარდოს აბონენტთა რაოდენობა.
გარდა ამისა, კომპანიამ, რომელსაც “თბილგაზი” მართვის უფლებით გადაეცემა, უნდა დაფაროს წლების მანძილზე დაგროვილი ვალები. თბილისის მერიის ქონების მართვის სამმართველოს ხელმძღვანელის იური მაისურაძის თქმით, ტენდერის ერთ-ერთი შემაფერხებელი საკითხი, შესაძლოა, ესეც იყოს, რადგან ვალი უკვე რამდენიმე მილიონ ლარს აღწევს და მისი გადახდა ნებისმიერ კომპანიას გაუჭირდება. (ამ დროისთვის ჯერ ზუსტად არ არის დადგენილი ვალის მოცულობა).
მაისურაძის თქმით, “თბილგაზის” ტენდერის ვადები რამდენიმე კვირით გადაიწევს. “თბილგაზზე” ტენდერი უკვე მეოთხეჯერ გამოცხადდა, თუმცა უშედეგოდ.